სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ბიზნეს-სექტორთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, დღეს, სასტუმრო „ანაკლიაში“ ადგილობრივ ბიზნეს-სექტორს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები შეხვდნენ.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობით, ღონისძიება მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი რეგიონული შეხვედრების პროექტის ფარგლებში ზუგდიდში ჩავიდა და ადგილობრივი მეწარმეების პრობლემები მოისმინა. მათივე ცნობით, შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე პრობლემატური საკითხი გამოიკვეთა, რომლებიც ძირითადად თაფლის, თხილის, ავეჯისა და ეთერზეთების წარმოებას შეეხებოდა. პალატამ გადაწყვიტა მათ აღმოსაფხვრელად ბიზნეს-სექტორისთვის კონკრეტული პროექტები შეეთავაზებინა.

როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, შეხვედრას ანაკლიაში ადგილობრივი ბიზნეს სექტორის 80-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მონაწილეებმა ჯერ GIZ-ისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეზენტაციები მოისმინეს, შემდეგ კი ღონისძიება დისკუსიის რეჟიმში გადავიდა. მეწარმეებმა ამჯერად უკვე კონკრეტული დახმარების მიღების მიზნით პრეზენტატორებს კონკრეტული პრობლემები გააცნეს და მხარეებმა მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, რეგიონული შეხვედრების ფარგლებში საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი უკვე იმყოფებოდა ქუთაისსა და ზუგდიდში. მასთან სასაუბროდ არა მხოლოდ პალატის წევრი კომპანიები, არამედ სხვა მეწარმეებიც იკრიბებიან.

პრეზენტაციების შემდეგ, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი დისკუსიის რეჟიმში გადადის, სადაც მეწარმეები თავიანთ პრობლემებზე ღიად საუბრობენ. ასეთი შეხვედრების შემდეგ პალატა პრობლემების კონკრეტულ ადრესატამდე მიტანისა და მათი აღმოფხვრის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავს. დღევანდელი შეხვედრა ანაკლიაში სწორედ ამ ტიპისაა და ღია დიალოგის მეორე ეტაპს გულისხმობს. პროექტის მიზანი რეგიონული ბიზნესის ხელშეწყობაა.