მაისში ვადიანი დეპოზიტები 4 %-ით შემცირდა

წინა თვესთან შედარებით, მაისში ვადიანი დეპოზიტები 4 %-ით შემცირდა. ეროვნულმა ბანკმა დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი ივნისისათვის 13.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 939.3 მლნ ლარით ანუ 6.5 პროცენტით ნაკლებია პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 4.0 პროცენტით ნაკლები).

მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 312.6 მლნ ლარით ანუ 4.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.1 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 626.7 მლნ ლარით, ანუ 9.5 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 7.4 პროცენტით).

სებ-ის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 33.07 პროცენტი შეადგინა - პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით 2.55 პროცენტული პუნქტით მეტი (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 1.68 პროცენტული პუნქტით მეტი). ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.3 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.4 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 4.1 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.7 პროცენტი შეადგინა.