თუშეთის ეროვნულ პარკში ტურისტული სეზონი გაიხსნა

თუშეთის ეროვნულ პარკში ტურისტული სეზონი გაიხსნა, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, ფესტივალ „მზე მოეს“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ფესტივალის სტუმრები ფოლკლორულ ხელოვნებას გაეცნენ, დააგემოვნეს თუშური სამზარეულო და მონაწილეობა მიიღეს ტრადიციულ სპორტულ თამაშებსა და ღონისძიებებში.

სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში თუშეთის ეროვნულ პარკში სალაშქრო და საცხენოსნო ტურები მოეწყო. ტრადიციული თამაშებისა და სამზარეულოს ფესტივალში თუშეთის 50-მდე სოფლის მცხოვრებლებმა მიიღეს მონაწილეობა.

მათივე ცნობით, ფესტივალის მიზანია ადგილობრივი ტურიზმის განვითარება, ვიზიტორების რაოდენობის გაზრდა და თუშეთის ეროვნული პარკის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ფესტივალზე ჯგუფი „ბანის“, ეთერ თათარაიძისა და „კესანეს“ კონცერტი და ხრიდოლის აკადემიის შოუ გაიმართა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, „მზე მოე“ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიაზაცია - ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) მხარდაჭერით გაიმართა.

მათი ინფორმაციით, ჩეხეთის ელჩმა ტომაშ პერნიცკიმ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას სასწრაფო დახმარების მანქანა გადასცა.

ფესტივალს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.