სამშენებლო კომპანიები ბანკებთან ურთიერთობას გაურბიან

„კომერციული ბანკები მშენებლებს ახლოსაც არ იკარებენ“

ბოლო ხანებში ჩვენს დედაქალაქში სამშენებლო ბიზნესი აშკარად გამოცოცხლდა - თითქმის ყველა უბანში შეხვდებით ხარაჩოებით დამშვენებულ, მშენებარე კორპუსებს, რომლებიც მომავალ მობინადრეებს ელიან, თუმცა, ამ ხარაჩოებს მიღმა სერიოზული პრობლემები იმალება - ამის თაობაზე „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი როსტომაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, უპირველესი პრობლემა კომერციულ ბანკებთან ურთიერთობაა - „სამშენებლო კომპანიების დიდი ნაწილი ბანკებთან აღარ თანამშრომლობს და ცდილობს შიდა განვადების ხარჯზე აწარმოოს მშენებლობა, ან ფინანსები სხვა გზებით მოიზიდოს“, - გვითხრა მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა:

ირაკლი როსტომაშვილი - ბანკების თამაშის წესები არის ძალიან ცუდი, რის გამოც სამშენებლო კომპანიები კაბალურ პირობებში ვარდებიან. ზოგიერთი ბანკი სამშენებლო მიზნებისთვის საერთოდ არ გასცემს სესხებს. ასეთ სესხებს სულ ოთხი ბანკი გასცემს, დანარჩენები მშენებლებს ახლოსაც არ იკარებენ. ის ბანკებიც კი, რომლებიც სესხს გასცემენ, კომპანიებს ძალიან მძიმე პირობებს უყენებენ. ამიტომ, ბანკთან თანამშრომლობა არ ღირს, თუ კომპანიას ამ ბაზარზე რაღაც განსაკუთრებული მდგომარეობა არა აქვს. ჩემი შეხედულებით, სამშენებლო კომპანიების დიდი ნაწილი ბანკებთან თანამშრომლობას თავს არიდებს, რადგან მათი პროცენტი მაღალია, ხოლო მომსახურების პირობები - ცუდი. ბანკები სამშენებლო სექტორთან მოუქნელად მუშაობენ. შემიძლია მოვიყვანო ერთ-ერთი კომპანიის მაგალითი, რომელსაც მენეჯმენტს ჩვენ ვუწევთ: სანამ ბანკი ამ კომპანიის საკითხს გადაწყვეტდა და სესხს დაუმტკიცებდა, თვეები გავიდა. ამ ხნის განმავლობაში კორპუსის მშენებლობაც დასრულდა.

- გარდა ამისა, კიდევ რა მიზეზის გამო იკავებთ თავს ბანკთან ურთიერთობისგან?

- დავანებოთ თავი მოუქნელ სისტემას, უზრუნველყოფის ისეთ პირობებს ითხოვენ, რაც ყველა პარამეტრით არახელსაყრელია კომპანიებისთვის. ჩემი აზრით, დღეს ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ ბანკებს ყველაფრის უფლება აქვთ, ხოლო კლიენტებს - არაფრისა. ამ კლიენტებს შორის სამშენებლო კომპანიებიც არიან. კომერციულ ბანკს შეუძლია ნებისმიერ დროს გაგიზარდოს პროცენტი, ფული უკან დაიბრუნოს, პროექტი გაგიჩეროს... ან სულ ნუ აიღებ სესხს - ასეთია მათი მომსახურება.

- კი მაგრამ, თუ ფინანსური რესურსი არ ექნება, მშენებელი ხომ ვერაფერს ააშენებს?

- სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა. სამაგიეროდ, ბანკის თანამშრომლებს აქვთ ათი პენსიონერის ტოლი შემოსავალი დღეში! მე ვკითხულობ - რაღაც თანაფარდობა ხომ უნდა იყოს? ბანკი მაშინ უნდა იყოს მდიდარი, როდესაც მთელი ქვეყანა და მისი კლიენტებიც მდიდრები იქნებიან. ნებისმიერ ქვეყანაში ბანკის გამდიდრება პირდაპირპროპორციულია მისი კლიენტების გამდიდრებისა. როდესაც ბანკს ძლიერი კლიენტები ჰყავს, ის ბანკი მდიდარია, ჩვენთან კი, რა ხდება? - ბანკის კლიენტები კოტრდებიან, ხოლო მის მენეჯმენტს ხელფასი ეზრდება.

- გამოდის, რომ კომერციულ ბანკებთან ურთიერთობაში სამშენებლო კომპანიები იჩაგრებიან?

- არა მხოლოდ სამშენებლო კომპანიები - მგონი ბანკებთან ურთიერთობა საქართველოში ყველას უძნელდება. ეს ურთიერთობა თითქმის ყველა კლიენტისთვის წამგებიანია, რადგან ისინი წაგლეჯაზე არიან გადასული. დამისახელეთ ერთი ორგანიზაცია, რომელსაც კომერციულ ბანკთან ურთიერთობა არ უჭირს. ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საქართველოში ბანკებს კანონმა ყველაფრის უფლება მისცა. ამიტომ, ბანკებიც იმას აკეთებენ, რაც უნდათ. ამის დასამტკიცებლად ერთ მაგალითს მოვიშველიებ: ორგანიზაციას, რომელსაც 2008 წლის ომამდე ჰქონდა დამტკიცებული 15%-იანი სესხი, კრიზისის გამო საპროცენტო განაკვეთი ბანკმა 22 პროცენტამდე აუწია. ასეთი რამ გაგიგიათ მსოფლიოში სხვაგან მომხდარიყოს? ასეთ პირობებში როგორ შეიძლება ბიზნესის განვითარება?

- არადა, ბოლო წლებში სამშენებლო სექტორმა თითქოს ამოისუნთქა და ქვეყანაში მშენებლობებიც მომრავლდა.

- იმიტომ ამოისუნთქა, რომ ყველაფერს თავისი ძალებით აკეთებენ. აბა ერთი გაიკითხეთ, რომელი სამშენებლო კომპანია მუშაობს ბანკის იმედით? - ერთადერთი და ისიც ბანკის კუთვნილი ორგანიზაციაა. ბანკის სესხით არც ერთი მშენებელი არ აშენებს. რაც შეეხება კრიზისს და ჩავარდნას, სამშენებლო სექტორი ჩავარდნილი ცალკე არასოდეს ყოფილა, ეს სექტორი პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკაზე და მოსახლეობის შემოსავალზე. როგორც კი მოსახლეობა ამოისუნთქავს და რაღაც შემოსავალი გაუჩნდება, ეს სექტორიც იზრდება და ვითარდება. თანაც, მას დამხმარეც არავინ ჰყავს - დამოუკიდებლად ვითარდება. სხვა სფეროებს, მაგალითად ენერგეტიკას, სახელმწიფო ეხმარება, სოფლის მეურნეობაში სახელმწიფომ 1 მილიარდი ჩადო, სამშენებლო ბიზნესში კი მსგავსი არაფერი მომხდარა - ის დამოუკიდებლად ვითარდება. როდესაც სხვა სფეროებში კრიზისია, ეს სამშენებლო სფეროსაც ეხება. არ შეიძლება ოჯახში, სადაც ჰყავთ 5 ბავშვი, ერთი კარგად იკვებებოდეს და მეორე - ცუდად. მე ვამტკიცებ, რომ სამშენებლო სფერო ერთ-ერთი მოწინავეა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ცუდად ვითარდება.

- ესე იგი, სამშენებლო კომპანიები ძირითადად შიდა განვადებების ხარჯზე მუშაობენ?

- ყველა კომპანია სხვადასხვა გზას პოულობს და განსხვავებულად მუშაობს, მაგრამ საერთო ერთი აქვთ: ბანკებთან ურთიერთობას ყველა გაურბის.

- ბატონო ირაკლი, ფინანსური რესურსების სიმწირის ბრალი ხომ არ არის, რომ ისევ დაიწყო ლაპარაკი ე.წ. ჰაერის გაყიდვაზე?

- ჯერ ამიხსენით, ჰაერის გაყიდვა რას ნიშნავს? ან, მაგალითად, საფრანგეთში 2020 წლის ყურძნის მოსავალს რომ ჰყიდიან წინასწარ, ამას რა ჰქვია? თუ ვინმე არაკეთილსინდისიერია და იტყუება, ეს სულ სხვაა, მაგრამ ის, რასაც ჰაერის გაყიდვას ეძახიან, სხვა არაფერია, თუ არა კომპანიის მიერ ფულის მოზიდვა. ბანკი რომ დეპოზიტზე თანხის შეტანას გვთავაზობს, ეს ჰაერია? მე ეს ტერმინი არ მომწონს, რადგან „ჰაერის გაყიდვა“ სინამდვილეში არის ის, როცა ადამიანი სამომავლო პროდუქტს ყიდულობს. ასეთი რამ მსოფლიოში ყველგან ხდება - ყველანაირ ბიზნესში. ეს ერთ-ერთი ჩვეულებრივი სქემაა ბიზნესსაქმიანობისა, რომელსაც საქართველოში „ჰაერის გაყიდვა“ დაარქვეს და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ტერმინი მასმედიაშიც დამკვიდრდა.

ხათუნა ჩიგოგიძე