დიდ ბრიტანეთს საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და გადასახადების ზრდა მოუწევს

დიდ ბრიტანეთს საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და გადასახადების ზრდა მოუწევს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ჯორჯ ოსბორნმა განაცხადა.

„ცხოვრება ისეთი მშვიდი აღარ იქნება, როგორიც ევროკავშირში ჩვენი დარჩენის შემთხვევაში იქნებოდა“, - განაცხადა მინისტრმა BBC Radio 4-თან საუბარში.

მისი თქმით, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გამო, ბაზარზე არასტაბილურობაა მოსალოდნელი, ქვეყნის ეკონომიკას კი ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდი ელოდება.

ჯორჯ ოსბორნი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე იყო. მისი მოსაზრებით, ევროკავშირიდან გასვლას ქვეყნისთვის „დამანგრეველი“ შედეგები ექნება.

გასულ კვირას დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩევლის უმრავლესობამ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.