ათენში ინგლისურენოვანი კრებულის - Georgia’s European Ways - პრეზენტაცია გაიმართა

ათენში, ევროკომისიის საბერძნეთის წარმომადგენლობის საკონფერენციო დარბაზში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული ინგლისურენოვანი კრებულის - Georgia’s European Ways - პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, ღონისძიებას ათენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს კრებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა წარუდგინა. დავით ბაქრაძემ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და მიზნების შესახებ ისაუბრა. ქართულ-ევროპულ კულტურულ იდენტობასა და ისტორიულ პარალელებზე გაამახვილა ყურადღება წიგნის რედაქტორმა, მწერალმა ზურაბ ქარუმიძემ.

„უმბერტო ეკოს ერთხელ ჰკითხეს, რომელია მთავარი ევროპული ენა და მან უპასუხა: თარგმანი. სწორედაც ასეა - ისტორიულად ევროპაში თავს იყრიდა აბსოლუტურად განსხვავებული კულტურები. ჰიბრიდულობა მუდმივად იყო ევროპის ჭეშმარიტი ბუნება და ისტორიული მისია. ამ წიგნის გამოცემით ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ამ მისიას“, - აღნიშნა პრეზენტაციის დასასრულს მწერალმა.

დავით ბაქრაძემ და ზურაბ ქარუმიძემ მოწვეული სტუმრების შეკითხვებსაც უპასუხეს. ღონისძიება საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის თავდაცვისა და საგარეო საკითხების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან კონსტანტინოს დუზინასთან.

მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს. დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებსა და ზოგადად, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. საუბარი, აგრეთვე, შეეხო ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით საქართველოს მიერ დაფიქსირებულ პროგრესს.

„საქართველო ყველა ინსტიტუტის დონეზე, იქნება ეს მთავრობა, თუ პარლამენტი, მუდმივად გრძნობს საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კონსტანტინოს დუზინამ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მიერ განხორციელებული სამუშაო და დაადასტურა საბერძნეთის ხელისუფლების სრული მხარდაჭერა სავიზო ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით.