გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება აუცილებლად უნდა აღვადგინოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, ოღონდ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით.

როგორც კვირიკაშვილმა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, თავის დროზე ტექნიკური დათვალიერების სრულად გაუქმება შეცდომა იყო და ახლა მთავრობას აქვს გეგმა, მოიწვიოს საერთაშორისო კომპანიები და ტექდათვალიერების ახალი სისტემა დანერგოს.

„ძალიან არასახარბიელო სიტუაციაა ამ კუთხით. ვფიქრობ, წლების წინ მიღებული გადაწყვეტილება ტექნიკური დათვალიერების მთლიანად გაუქმების თაობაზე, აბსოლუტურად არასწორი იყო. იმის მაგიერ, რომ ჩვენ დაგვეხვეწა ის რეგულაციები, რომლებიც არსებობდა ამ კუთხით და ტექნიკურად მოგვეწესრიგებინა, რომ არ ჰქონოდა მახინჯი ფორმა (და მართლაც ჰქონდა მახინჯი ფორმა წარსულში), ჩვენ საერთოდ გავაუქმეთ ტექნიკური დათვალიერება. მე ვფიქრობ, ჩვენ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, მაგრამ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით. ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ მოვიწვიოთ საერთაშორისო კომპანიები, რათა სწორი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, საერთოდ გამოვრიცხოთ კორუფცია ამ სისტემაში და რაც ყველაზე მთავარია, იყოს ხელმისაწვდომი, იმიტომ, რომ ჩვენი ბავშვები ავადდებიან ამის გამო. ბავშვთა ასაკში სიმსივნის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან მაღალია და ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევწირავთ ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობას იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს საამაყო, რომ ნაკლები რეგულაციები აქვს. დასაცავია სწორი ბალანსი რეგულაციებსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე ბულგარეთი, მე-3-ზე კი ჩინეთია.