დიმიტრი ქუმსიშვილი ხვალ “კანის ლომების” ახალგაზრდული ფესტივალის გამარჯვებულ გუნდს შეხვდება

პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხვალ “კანის ლომების” ახალგაზრდული ფესტივალის გამარჯვებულ გუნდს შეხვდება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე და „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია.

”კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის “Cannes Lions”-ის ახალგაზრდულ კონკურსში წელს საქართველო 4 კატეგორიაში იღებდა მონაწილეობას. ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებული გუნდები ივნისში კანის საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდნენ და საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიოს საუკეთესოებს შორის მოსინჯეს. ერთ-ერთმა, ახალგაზრდა მარკეტერების გუნდმა კი ოქროს მედალი მოიპოვა.

Young Lions-ის შეჯიბრი ახალგაზრდა მარკეტერების სფეროში წელს საქართველოში პირველად ჩატარდა. შეჯიბრი ტექნოპარკში გაიმართა, რის შემდეგაც გამარჯვებული გუნდები ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დახმარებით კანში გაემგზავრნენ”, - აცხადებენ სამინისტროში.