"დელტას" ყოფილი დირექტორი მის გათავისუფლებაში თინა ხიდაშელის ”პირად დაინტერესებასა” და ”მოკვლევის მიკერძოებულობაზე” საუბრობს

"დელტას" ყოფილი გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში უჩა ძოძუაშვილი აღნიშნავს, რომ თავდაცვის მინისტრის 18 მაისის ბრძანება, რომლითაც „დელტას“ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან მისი გათავისუფლება მოხდა, ყოველგვარ სამართლებლივ საფუძველს იყო მოკლებული, განხორციელდა დარღვევებით და ეყრდნობოდა მინისტრის სუბიექტურ აზრს.

ძოძუაშვილი მის გათავისუფლებაში მინისტრის პირად დაინტერესებაზე და მოკვლევის მიკერძოებულობაზე საუბრობს.

”დელტას” ყოფილი ხელმძღვანელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საკითხით დაინტერესებას თხოვს და მზადყოფნას გამოთქვამს, შესაბამის მიუკერძოებელ სტრუქტურებს სრული ინფორმაცია მიაწოდოს, როგორც კონკრეტულად 15 მაისის სეტყვის პროცესთან, ასევე მთელი სისტემის შექმნასა და ოპერირებასთან დაკავშირებით.

უჩა ძოძუაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

”ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიმაჩნია ჩავაყენო საზოგადოება საქმის კურსში თავდაცვის სამინისტროსა და სსსტც “დელტას” შორის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

თავდაცვის მინისტრის 18 მაისის ბრძანება, რომლითაც მოხდა ჩემი „დელტას“ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება, ყოველგვარ სამართლებლივ საფუძველს იყო მოკლებული, განხორციელდა დარღვევებით და ეყრდნობოდა მინისტრის სუბიექტურ აზრს. ეს ბრძანება, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” თანადგომით გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში და მისი არამართლზომიერება სასამართლოს გზით იქნება დამტკიცებული.

ამ გადაწყვეტილებამ სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა ყველა ის მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო ინტერესებისათვის უმნიშვნელოვანესი პროცესი, პროექტი და საერთაშორისო მოლაპარაკება, რომლებზეც ეროვნული სამხედრო სამეცნიერო სამრეწველო კომპლექს “დელტას” გუნდი მუშაობდა ბოლო წლების მანძილზე.

ეს არის დარტყმა არა მხოლოდ ჩემზე, არამედ სრულად იმ გუნდზე, რომელმაც ამ წარმატებებს მიაღწია, რომელმაც უზომო სამუშაო გასწია დღევანდელი შედეგებისთვის და ჯილდოდ მინისტრისგან საჯარო გაკიცხვა და მიკერძოებული სამსახურეობრივი მოკვლევები მიიღო.

დღეს ”დელტა” წარმატებული ორგანიზაციაა, რომლის მიმდინარე ხელშეკრულებები $54 მლნ აჭარბებს, ხოლო საბოლოო მოლაპარაკებებისა და გაფორმების ეტაპზე ხელშეკრულებები $153 მლნ ზე მეტია, ეს ციფრი მრავალჯერ აჭარბებს დელტას მიმდინარე ბიუჯეტს და თავდაცვის ბიუჯეტის 75% -ზე მეტია. მიუხედავად ამისა ჩვენს მიღწევებს სამინისტრო არ წარმოაჩენს, ხოლო სამინისტროს მიერ დაშვებული შეცდომების გამართლებას ”დელტას” ბრალეულობაში ეძებს.

ჩემი გათავისუფლების ბრძანების გამოსვლის დღიდან ”დელტაში” შემოსულია თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სამხედრო პოლიცია, თუმცა დღემდე მათ ვერ მოახერხეს დაედოთ დასკვნა, რომელიც დაასაბუთებდა მინისტრის ბრძანებას. ხაზს ვუსვამ, რომ გენერალური ინსპექციის დასკვნა, რომელზეც ისაუბრა მინისტრმა დღემდე არ არის გაგზავნილი ”დელტაში”. აქედან გამომდინარე, მინისტრის განცხადება არა მხოლოდ შეუსაბამოა კანონთან, არამედ ეწინააღმდეგება მისი 17-18 მაისს გაკეთებულ განცხადებებს, რომ 15 მაისის სეტყვით გამოწვეული ზარალის მიზეზები რამდენიმე დღეში სრულად იქნებოდა გამოკვლეული, ხოლო მას შემდეგ, რაც დადგინდებოდა ჩემი უდანაშაულობა, მომეცემოდა მუშაობის გაგრძელების საშუალება. გენერალურმა ინსპექციამ უგულვებელყო 15 მაისის სეტყვასთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაცია და ნაცვლად სამართლიანი დასკვნის შედგენისა, დაიწყო მინისტრის გადაწყვეტილების გასამართლებელი მიზეზების ძიება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩემს გათავისუფლებაში მინისტრის პირად დაინტერესებას და მოკვლევის მიკერძოებულობას.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუკერძოებელი და ობიექტური შესწავლის მიზნით, ვთხოვ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ საკითხით დაინტერესებას და მზადყოფნას გამოვთქვამ, სრული ინფორმაცია მივაწოდო შესაბამის მიუკერძოებელ სტრუქტურებს, როგორც კონკრეტულად 15 მაისის სეტყვის პროცესთან დაკავშირებით, ასევე მთელი სისტემის შექმნასა და ოპერირებასთან დაკავშირებით”, - ნათქვამია უჩა ძოძუაშვილის განცხადებაში.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი "დელტას" ყოფილ ხელმძღვანელ უჩა ძოძუაშვილს თანამდებობაზე არ დააბრუნებს. შესაბამისი განცხადება თინა ხიდაშელმა მედიასთან გუშჳნდელ შეხვედრაზე გააკეთა.

მისივე განმარტებით, "დელტას" ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

" მოკვლევა დასრულდა. პირველადი შედეგები სახეზეა და ჩვენ უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ კონკურსს ამ თანამდებობაზე, უჩა ძოძუაშვილი არ დაბრუნდება" , - განაცხადა თინა ხიდაშელმა.