მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის „მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის“ პროექტთან დაკავშირებით შეხვედრები იმართება

მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის „მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის“ პროექტთან დაკავშირებით გაცნობითი სახის შეხვედრები იმართება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, ახალი პროექტის „მიკრო გრანტები მთის განვითარებისათვის“ მოსახლეობისთვის დეტალურად გაცნობის მიზნით, 22 ივნისიდან პროექტის განმახორციელებელი უწყების, ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები რეგიონებში ადგილობრივებთან შეხვედრებს მართავენ და პრეზენტაციების სახით დაწვრილებით განუმარტავენ პროგრამაში ჩართვის გზებსა თუ პროცედურებს.

მათი ინფორმაციით, 28 ივნისს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თიანეთსა და მესტიაში.

„მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის“ არის ახალი პროექტი, რომელიც მეწარმეობის განვითარების სააგენტომ შეიმუშავა მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით. პროექტი საშუალებას იძლევა მაღალმთიან სოფლებში ბიზნესის განვითარებისთვის მოსახლეობამ სახელმწიფოს მხრიდან მიიღოს 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსება და საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე წამოიწყოს ბიზნესი, რაც ზოგადად მთის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

სამინისტროს ცნობით, ახალი პროგრამის შემუშავება პასუხობს მოსახლეობის მხრიდან დიდ დაინტერესებასა და პროგრამაში ჩართვის სურვილს, რაც მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში დაფიქსირდა.

სწორედ ამ პროგრამის შედეგების, ეფექტურობისა და მოსახლეობის მხრიდან დაინტერესების გათვალისწინებით, პროგრამის განმახორციელებელი უწყება, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან ერთად მაღალმთიან რეგიონში დაიწყებს მიკრო გრანტების გაცემას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მთიდან მიგრაციას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღსანიშნავია, რომ ზოგადად მთის განვითარების ეროვნული საბჭოს ამოცანას მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიების შემუშავება წარმოადგენს. გრანტების გაცემის ახალი ეტაპი კი სწორედ რომ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების მიზნით შემუშავებული პროექტია და მთაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ასევე რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის წახალისებისკენაა მიმართული.