მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი, სავარაუდოდ, 1-ლი იანვრიდან აიკრძალება

კომპანია "კავკასიის ავტოიმპორტის" გენერალური დირექტორის გიორგი სუპატაშვილის ინფორმაციით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვის კონკრეტული თარიღი 2017 წლის 1 იანვარია.

ამის შესახებ გიორგი სუპატაშვილმა რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმეში" განაცხადა.

„ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ საკითხის გარკვევას, შევხვდით ბიზნესომბუდსმენს, პრემიერ-მინისტრს. ბიზნესს ესაჭიროება კონკრეტული თარიღის ცოდნა, თუ როდის აიკრძალება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი. თარიღის ცოდნა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ სამი თვით ადრე უნდა დავიჭიროთ თადარიგი და შევწყვიტოთ ავტომობილების შეძენა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩვენთან საუბრისას კონკრეტულ თარიღად 2017 წლის 1 იანვარი დაასახელა", - აღნიშნავს გიორგი სუპატაშვილი.