თბილისის საკრებულოს კომისიის სხდომაზე 25 ეკლესიისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემაზე იმსჯელეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა.

როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, სხდომაზე დეპუტატებმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სამოციქულო, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის თაობაზე იმსჯელეს.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, სამგორის რაიონში, სოფელ ნასაგურში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელზეც წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა აშენებული, სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხება, რის გამოც ტაძრის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის შეყვანა ვერ ხორციელდება.

მისივე თქმით, ანალოგიური სახის პრობლემების წინაშე თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი, დაახლოებით, 25 ეკლესია დგას.

საკრებულოს ცნობით, როგორც აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას გამოიკვეთა, პირველ ეტაპზე ტაძრებში წყალგაყვანილობის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის შეყვანის პრობლემები მოიხსნება, რაც შეეხება მიწის დაკანონებას, გულიკო ზუმბაძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისია შესაბამის სამსახურებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას და საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლებას საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების ინიციატივით მიმართავს.

,,საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, კომპეტენტურმა უწყებებმა გადაწყვეტილება უმოკლეს ვადებში უნდა მიიღონ, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო აქტებში აუცილებელია განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, რადგან ამ ნაკვეთებზე მდებარე ტაძრებმა სრულფასოვანი ფუნქციონირება შეძლონ“,- განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

როგორც საკრებულოში აცხადებენ, აღნიშნული საკითხის განხილვას საპატრიარქოს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სასულიერო და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

დღესვე კომისიის წევრებმა თანამესაკუთრეთა დავის თაობაზე მოქალაქე ლიზა აშიგოვას განცხადება განიხილეს და საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.