სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა

სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა აეროპორტში განაცხადა.

თურქეთის პრემიერის ინფორმაციით, აეროპორტმა ავიარეისების მიღება და გაშვება უკვე დაიწყო.

”საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება, თუმცა აეროპორტი გახსნილია და საჰაერო მიმოსვლა აღდგა”, - აღნიშნა ილდირიმმა.

მანამდე თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დაახლოებით ერთი დღის განმავლობაში დაკეტილი იქნებოდა.

ბოლო მონაცემებით, ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებს სულ მცირე 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 60 ადამიანი, აქედან ექვსის მდგომარეობა მძიმეა.

პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ბოლო პერიოდში თურქეთში მომხდარი ძალადობრივი აქტები „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ან დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული.