მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯი მე-19 საერთაშორისო კონფერენციაზე “Microfinance in the Cloud” ტირანაში

23-24 ივნისს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯის წარმომადგენლები დაესწრნენ მე-19 საერთაშორისო კონფერენციას “Microfinance in the Cloud”, რომელიც გაიმართა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში. ასეთი სახის კონფერენცია ყოველწლიურად ეწყობა საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრის მიერ http://www.mfc.org.pl/, რომელიც 31 ქვეყნის 104 ორგანიზაციას აერთიანებს. ეს ორგანიზაციები ერთად 1 000 000 - ზე მეტ დაბალი შემოსავლის მქონე კლიენტს ემსახურებიან. ცენტრის მიზანია სოციალურად ორიენტირებული და მდგრადი მიკროსაფინანსო სექტორის ჩამოყალიბებით ხელი შეუწყოს სიღარიბის შემცირებას, ადამიანური პოტენციალის განვითარებას, ადეკვატური ფინანსური და არაფინანური რესურსების მიკრო მეწარმეებისთვის შეთავაზებას.

მეორეს მხრივ, ცენტრი ზრუნავს სექტორის განვითარებაზე, სხვადასხვა სტანდარტების შექმნასა და წევრებს შორის მათ დანერგვაზე, ასევე კონფერენციებისა და ტრენინგების გზით გამოცდილების გაზიარებაზე.

მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებაში კონფერენციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ბიაიჯის დირექტორმა დავით ბობოხიძემ განაცხადა : “წლევანდელი კონფერენცია განსაკუთრებით გამოირჩეოდა ტექნოლოგიური საკითხების მიმართ მაღალი ინტერესით. სხვა თემებთან ერთად განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა : პროდუქტების გაციფრულება; ვირტუალური გაყიდვების არხები და დისტანციური ტრანზაქციების მართვის სისტემები; ქლაუდზე გადასვლა : ხარჯები, ბენეფიტები და გაზიარებული სერვისების მომავალი; ციფრული ტექნოლოგიები და კლიენტების მოცვა: მობილური და დისტანციური სერვისების გამოყენებით ხარჯების შემცირება და კონკურენტული სერვისების შეთავაზება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით ხარჯების შემცირების შესაძლებლობები და დარგისთვის სხვა საინტერესო საკითხები. ბიაიჯი ყოველთვის ცდილობს გაიზიაროს დარგში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკაში დანერგოს იგი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავს კონფერენციებში მონაწილეობას“.

ბიაიჯის შესახებ: ბიაიჯი საქართველოს ბაზარზე მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 200-მდე თანამშრომელს, 4 სერვის ცენტრსა და სათავო ოფისს თბილისში, 2 სერვის ცენტრს ქუთაისში და 1 - თელავში, რუსთავში, ახალციხეში, გორსა და სენაკში, რაც საერთო ჯამში შეადგენს 11 სერვის ცენტრს. მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად. ბიაიჯის პროდუქტები და მომსახურება მორგებულია მცირე და საშუალო ზომის საცალო მაღაზიების, მომსახურების სფეროს კომპანიებისა და ფერმერული მეურნეობების ბიზნეს საჭიროებებზე. გარდა ბიზნეს და აგრო სესხებისა, ბიაიჯი ფიზიკურ პირებს სთავაზობს ავტოსესხებს. ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანიას დანერგილი აქვს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები და შესაბამისად მიღებული აქვს სოციალური რეიტინგი Micrifinanza-სგან - საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციისგან.

(R)