გიორგი კაკაურიძე – საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში კურსი უნდა იყოს სტაბილური

დოლარში გადახურდავება და ეროვნულ ვალუტაში დოლარიდან გადმოხურდავება არ უნდა ხდებოდეს მოლოდინების კუთხით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.

კაკაურიძის თქმით, მას ამ კუთხით ახალი არაფრის თქმა არ შეუძლია განსხვავებულად იმისგან, რაც ეკონომიკის მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა.

„მაკროეკონომიკური კუთხით განსხვავებული არაფერი ხდება, რასაც შეიძლებოდა გაუფასურება გამოეწვია. ეკონომიკური სიტუაცია გვაქვს ისეთი, რაც გამყარების დროს გვქონდა. გასულ წელთან შედარებით ფულადი ნაკადების შემოდინება დადებითი გვაქვს, ამიტომ ვფიქრობ, რომ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში კურსი უნდა იყოს სტაბილური, გარკვეულწილად ამაზე იმოქმედა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლამ, მაგრამ მოხდა ასევე მოთხოვნა დოლარზე, ხოლო მოთხოვნამ თავის მხრივ გამოიწვია პანიკა. დოლარში გადახურდავება და ეროვნულ ვალუტაში დოლარიდან გადმოხურდავება, არ უნდა ხდებოდეს მოლოდინების კუთხით. არ უნდა შეექმნას მოსახლეობას მოლოდინი, რომ ამ ოპერაციებით შეძლებს რაიმე სარგებელი ნახოს. მსგავსი ოპერაციებით რიგითი მოსახლეობა ყოველთვის აგებს. ამიტომ არ უნდა მოხდეს მოლოდინების გამო ვალუტის დაგროვება ან მისი გასხვისება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.