სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საზოგადოებას ტენდერებთან დაკავშირებით სიახლეები გააცნო

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შემსყიდველ ორგანიზაციებს, სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს ტენდერებთან დაკავშირებით, სიახლეები გააცნო.

როგორც ჟურნალისტებს შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ განუცხადა, მსგავსი შეხვედრები რეგიონებშიც გაიმართება.

”ბოლო პერიოდში ჩვენი მხრიდან მრავალი შეხვედრა განხორციელდა როგორც ბიზნესთან, ისე შემსყიდველ ორგანიზაციებთან. მათი მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენს მიერ იქნა მრავალი ცვლილება განხორციელებული და დღეს ჩვენ ამ სიახლეებს გავაცნობთ ყველას. საუბარია ორ სიახლეზე, რომელიც ეხება ტენდერების გამოცხადებას დახურული მონაცემებით და ორეტაპიან ტენდერს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რევოლუციური. იარსებებს ძველი ვარიანტიც და დამატებით ეს ახალი ვარიანტებიც, რომლის არჩევის უფლებაც თავად ექნებათ შემსყიდველ ორანიზაციებს. მინდა მადლობა გადავუხადო USAID-ს, რადგან G4G-ს ფარგლებში ხდება შეხვედრები და ორგანიზებულია თბილისის მასშტაბით. უახლოეს დღეებში ეს იქნება რეგიონებშიც. ჩვენ ყველას მივაწოდებთ სიახლეებს, რათა არ მოხდეს შეფერხებები სიახლეების დანერგვის პროცესში”, - განაცხადა რაზმაძემ.

თავის მხრივ, მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ დავით მორალიშვილის განმარტებით, აგვისტოდან შესყიდვებში სიახლეები იგეგმება.

”დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება სიახლეების დანერგვას სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში. თბილისის მერია თანამშრომლობს შესყიდვების სააგენტოსთან. შესაბამისი მემორანდუმიც არის გაფორმებული. პერიოდულად იმართება შეხვედრები, ვიხილავთ დასანერგ სიახლეებს. მაგალითად, აგვისტოდან იგეგმება რამდენიმე სიახლის დანერგვა, გაჩნდება შესყიდვების ახალი საშუალებები, რაც სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს, უფრო მოქნილად იმოქმედონ შესყიდვების განხორციელებისას, რაც ფაქტიურად გააუმჯობესებს სახელმწიფო შესყიდვებს და ა.შ. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომ ყველა შემსყიდველი გაეცნოს სიახლეებს, გამოთქვას მოსაზრებები”, - განაცხადა დავით მორალიშვილმა.