დიმიტრი ქუმსიშვილი - სასამართლო ხელისუფლების სიძლიერე, გამჭვირვალობა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის

ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ სასამართლოს უახლოეს მომავალში გადაუწყდეს ის საკითხი, რაც მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას ეხება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოპარკში განუცხადა, სადაც მთავრობის წევრებს, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და მასზე იმსჯელეს მიმდინარე პრობლემებზე.

”ყველას აქვს ძალიან კარგად გათავისებული, რომ სასამართლო ხელისუფლების სიძლიერე, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ერთი მხრივ, სასამართლო ხელისუფლებამ დააყენა საკითხი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ასევე ბიზნესის მხრიდან იყო დაყენებული საკითხი მოსამართლეების უფრო მაღალკვალიფიციურობასთან დაკავშირებით და ჩვენი მხრიდან იყო მონდომება, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებები, ახალი რეფორმები, საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი ერთად შევთანხმდით, რომ ეს პლატფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლებელია პლატფორმის ქვეშ შეიქმნას თემატური ჯგუფები.

„თემატური ჯგუფები მოგვცემენ შესაძლებლობას, რომ ყველამ ერთმანეთს ხელი შევუწყოთ, მოვახდინოთ სწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ბიზნესთან, რათა სასამართლოს ჰქონდეს მაქსიმალური ნდობა და გადაწყვეტილებები, რომელიც სასამართლოში იქნება მიღებული იყოს, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად სწორი“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა სასამართლოს უახლოეს მომავალში გადაუწყდეს ის საკითხი, რომელიც შეეხება მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, მათ შორის არის შენობის საკითხი.

მინისტრის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება მოსამართლეების კვალიფიკაციის ამაღლება, რადგან „ბიზნეს დავების გადაწყვეტაში მნიშვნელოვანია კვალიფიციური გადაწყვეტილებები“.

შეხვედრას დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, ბიზნესსექტორი, მოსამართლეები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.