სასამართლო ხელისუფლება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან რეგულარულ შეხვედრებზე შეთანხმდა

სასამართლო ხელისუფლება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან რეგულარულ შეხვედრებზე შეთანხმდა , - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ტექნოპარკში განაცხადა, სადაც მთავრობის, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისა და მოსამართლეების შეხვედრა გაიმართა.

ნინო გვენეტაძის თქმით, ბიზნესსექტორთან შეხვედრა აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივით გაიმართა და მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საინტერესო უწოდა.

”საუბარი იყო იმ პრობლემებზე, რომლებიც აქვს ბიზნესს სამართალწარმოებისა და მართლმსაჯულების განხორცილების პროცესში და ასევე ჩვენ მიერ იყო დაყენებული საკითხები ხარისხიანი, ეფექტური და დროული მართლმსაჯულების განხორციელებისთვის საჭირო რეალურ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც სასამართლოში გამოიხატება საქმეთა ჭარბი ნაკადით, მოსამართლეთა სიმცირით, ინფრასტრუქტურული პროექტების ნაკლებობით და ა.შ. დღევანდელი შეხვედრა შედეგიანი იყო იმ მიმართულებით, რომ ჩვენ რეგულარული შეხვედრები განვსაზღვრეთ დავის სახეების მიხედვით - ძირითადად სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლაწარმოების პრობლემები იქნა დაყენებული და შევთანხმდით, რომ როგორც მოსამართლეთა სპეციალიზაციის, ასევე პროცესის მონაწილე მხარეთა ცოდნის გაუმჯობესების კუთხით იქნება საინტერესო შეხვედრები ზოგად პრობლემურ საკითხებთან მიმართებაში”, - განაცხადა გვენეტაძემ.

შეხვედრას პირველი ვიცე- პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, ბიზნესსექტორი, მოსამართლეები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.