სოსო ფხაკაძე - მოსამართლეებთან შეხვედრაზე ორი საკითხი - დავების გაჭიანურება და კომპეტენციის პრობლემა დავასახელეთ

ბიზნესმენებმა სასამართლო ხელისუფლებასთან შეხვედრაზე ორი საკითხი - დავების გაჭიანურება და კომპეტენციის პრობლემა დაასახელეს, - ამის შესახებ ”საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ”ვისოლ ჯგუფის” დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.

სოსო ფხაკაძემ აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესმენებისა და მოსამართლეების შეხვედრას ძალიან ღირებული უწოდა.

”ყოველგვარი პათეტიკის გარეშე გეტყვით, რომ ძალიან ღირებული შეხვედრა გვქონდა. ჩვენ ბიზნესასოციაცია ხშირად ვხვდებით აღმასრულებელ ხელისუფლებას, მაგრამ დღეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მასში მონაწილეობა მიიღო სასამართლო ხელისუფლებამ და ისინი 2 საათის განმავლობაში უნისონში საუბრობდნენ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბიზნესი უფრო მეტად განვითარდეს, უფრო მეტად დაეხმაროს ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კონტრაქტების ეფექტური აღსრულების სისტემის არსებობა არის მთავარი ატრიბუტი იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემო იყოს, ეს ნიშნავს ბიზნესისთვის უფრო ნაკლებ რისკს, უფრო ნაკლებ დანახარჯებს და საბოლოო ჯამში, უფრო მეტ ნდობას აძლევს როგორ უცხოელ, ასევე ადგილობრივ ბიზნესმენს, უფრო მეტი ინვესტიცია ჩადოს ქვეყანაში, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნას. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. როგორც სასამართლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას იმ პათოსისათვის, პოზიტიური განწყობისთვის, რაც ბიზნესმა დღეს დავინახეთ, მადლობას ვუხდი”, - განაცხადა ფხაკაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ფორმატში შეხვედრების გაგრძელება მოხდება. როგორც ფხაკაძემ განაცხადა, სასამართლო ხელისუფლება უკვე კონკრეტულ ბიზნესასოციაციებს, ბიზნესგაერთიანებებს შეხვდება, ”სადაც უკვე კონკრეტული პრობლემური საკითხების განხილვა ხდება”.

”ჩვენ ორი საკითხი დავასახელეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გაადაწყდეს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ავალდებულებს სასამართლო უწყებას, მაინც ხდება დროში გაწელვა გარკვეული ბიზნესდავების. ეს აიხსნება იმით, რომ ბევრი საქმეა და მოსამართლეთა რაოდენობა არ არის საკმარისი. გულწრფელი იყო ამასთან დაკავშირებით სასამართლო ხელისუფლება. მათ კარგად ახსნეს, თუ რითია ეს პრობლემა გამოწვეული. ასევე გვითხრეს, როგორ მოხდება ამ პრობლემის აღმოფხვრა. მეორე საკითხია - კომპეტენციების პრობლემა. როცა საქმე ეხება უფრო მეტად საინვესტიციო საკითხებს, კონკურენციასთან დაკავშირებულ საკითხებს და ა.შ. ვაწყდებით გარკვეულწილად კომპეტენციის პრობლემას. ამასთან დაკავშირებით გვქონდა ღია საუბარი და სასამართლო ხელისუფლება დაგვპირდა, რომ ხარისხობრივი პარამეტრების აწევა მოხდება, რაც ძალიან დიდი სიკეთეა და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის შემდგომ განვითარებას”, - განაცხადა ფხაკაძემ.