საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია მზადაა, თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაღუპულთა ოჯახებს ფინანსურად დაეხმაროს

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია მზადყოფნას გამოთქვამს გარდაბნის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაღუპულთა ოჯახებს ფინანსური დახმარება გაუწიოს.

დღეს მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

”საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია მწუხარებას გამოთქვამს გარდაბნის თბოელექტროსადგურის (თბილსრესის) ტერიტორიაზე მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაღუპული ორი თანამშრომლის გამო.

შემთხვევა 29 ივნისს, 10:00 საათზე, საწარამოს სამაზუთე მეურნეობის ტერიტორიაზე მოხდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 170–ე მუხლით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა მოკვლევაც.

კომპანია კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას საწარმოს გამოცდილი თანამშრომლების: თეიმურაზ ახალმოსულიშვილისა და მიხეილ აბრამკოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. კომპანია თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და შრომით კოლექტივს. ამასთან მზადყოფნას გამოთქვამს გაუწიოს ფინანსური დახმარება დაღუპულთა ოჯახებს”, - ნათქვამია საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდაბანში, სს ”თბილსრესის" სათბობ-სატრანსპორტო საამქროს ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ უბედური შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, 50 წლამდე ორი მამაკაცი მაზუთის 20-მეტრიან ავზში საქაჩი მოწყობილობის დამონტაჟების მიზნით ჩავიდა, თუმცა ორივე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

მათ დასახმარებლად ავზში კიდევ ერთი თანამშრომელი ჩავიდა, თუმცა ისიც შეუძლოდ გახდა და ამ დროისთვის ინტოქსიკაციით გარდაბნის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

წინასწარი ინფორმაციით, ორივე მამაკაცის გარდაცვალება ავზში უჰაერობისა და ინტოქსიკაციის მიზეზით მოხდა.

”თბილსრესის" ტერიტორიაზე საპატრულო, სამაშველო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. მაშველები გარდაცვლილი მამაკაცების ავზიდან ამოყვანის სამუშაოებს ახორციელებენ.

”თბილსრესში" აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია შიდა მოკვლევა და კომენტარს მხოლოდ მოკვლევის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.