“ნატოს” ჯარები ავღანეთში, შესაძლოა, “ნაბეღლავით” მოამარაგონ

მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი”, რომელიც „ნაბეღლავს” და „ბახმაროს” აწარმოებს, 2016 წელს ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე სტაბილური ზრდის შენარჩუნებას გეგმავს. ამ ეტაპზე „წყალი მარგებელი” თანამშრომლობს შეერთებული შტატების თავდაცვის ლოჯისტიკის სააგენტოსთან და ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსთან იმისათვის, რომ ავღანეთში სამხედრო ძალების „ნაბეღლავით” მომარაგება მოხდეს.

კომპანიის გენერალური დირექტორი ავთანდილ სვიმონიშვილი „ფაინენშალთან” აცხადებს, რომ ახალი ბაზრების დაპყრობა არის კომპანიის მთავარი მიზანი. მისივე თქმით, მიმდინარე წელს იგეგმება არსებულ ბაზრებზე განვითარება და პოზიციების გაძლიერება ეკონომიკურად სტაბილურ ქვეყნებში.

გაცვლითი კურსის გაზრდილი რისკების მიუხედავად კომპანია გააგრძელებს ინვესტირებას თანამედროვე ტექნოლოგიებში. სვიმონიშვილი ამბობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების განახლება.

”სამი წლის წინ დავიწყეთ ახალ პროექტზე მუშაობა, რაც გულისხმობდა საწარმოს სრულ განახლებას. პროცესში ჩავრთეთ გერმანია, ავსტრია, შვეიცარია. უცხოელი ექსპერტები. ქარხნის მშენებლობა 2015 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2016 ბოლოს დასრულდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე სტანდარტების საწარმო იქნება საქართველოში,” – განმარტავს სვიმონიშვილი. მისივე თქმით, საწარმო შეძლებს აწარმოოს ნებისმიერი სახეობის პროდუქტი – მინერალური წყალი, წყაროს წყალი, ლიმონათი, წვენი, ცივი ჩაი და სხვა. საწარმო გურიის რეგიონში სოფელ ნაბეღლავში განთავსდება, მისი ამოქმედების შემდეგ კი „წყალი მარგებელი” პროდუქციის ასორტიმენტს გაზრდის.

წყარო: "ბანკები და ფინანსები"

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე