გიორგი კვირიკაშვილი მინისტრებისგან აჭარაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით მიმდინარე სამუშაოებით დაინტერესდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აჭარაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით მიმდინარე სამუშაოებით დაინტერესდა და მთავრობის სხდომაზე შესაბამისი კითხვით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს მიმართა.

როგორც ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, ინტენსიური წვიმების შედეგად 2 მუნიციპალიტეტი: ქედა და შუახევი დაზარალდა.

მინისტრის ინფორმაციით, ქედაში 3 ხიდია მთლიანად წაღებული, 2-ს კი საყრდენი დაუზიანდა, თუმცა, პრაქტიკულად, ისიც დასაშლელია და ახალია გასაკეთებელი.

„ეს მიმართულება არ არის იმდენად საშიში იმიტომ, რომ იქ სოფლებთან, დასახლებულ პუნქტებთან არ გვაქვს პრობლემები, იქ მეჯოგეებს გადაჰყავდათ საქონელი. ხიდების აღდგენას დრო დასჭირდება. უფრო ცუდი მდგომარეობაა შუახევში. იქ 4 ხიდია წაღებული და 4 სოფელია მოწვეტილი გარესამყაროს, თუმცა დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაღალი განვლადობის მანქანებისთვის შესაძლებელია შემოვლითი გზით გადაადგილება. ამ 4 ხიდიდან ერთის აღდგენა არის მნიშვნელოვანი, რომლითაც აღდგება სრულყოფილი კავშირი მოსახლეობასთან. სამუშაოები უკვე დაწყებულია და მას აჭარა თავისი ძალებით ახორციელებს. ჩვენ მხოლოდ საინჟინრო დახმარებას ვუწევთ. ერთი სათხოვარი ჰქონდათ კიდევ - რკინიგზიდან უნდათ ვაგონების ძარები“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს სთხოვა, დაავალოს რკინიგზას, თუ არსებობს ასეთი ინვენტარი, მიაწოდოს აჭარის მთავრობას, რადგან ”იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა”.

„კარგია, რომ ჩვენ ადამიანური მსხვერპლი არ გვაქვს. ეს არის მთავარი. თუ საჭიროა კომუნიკაციები პროდუქტის მისაწოდებლად, სასმელი წყლის მისაწოდებლად, მინდა რომ გაიაროთ“, -განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ფინანსთა სამინისტროს მიმართა, მოიძიონ დამატებითი რესურსი, რაც საჭირო იქნება, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოიფხვრას პრობლემები.

„რა კადრებიც მე ვნახე, კატასტროფული მდგომარეობაა“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.