5 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2,9% შეადგინა

2016 წლის 5 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2,9% შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2016 წლის მაისის ეკონომიკური ზრდის შესახებ წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,1%, ხოლო 2016 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,9% შეადგინა.

”2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე