ცესკოს არჩევნებისთვის დამატებით 3 764 830 ლარი გამოეყოფა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამატებით 3 764 830 ლარი გამოეყოფა. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ცესკოსთვის დამატებით თანხის გამოყოფის საკითხი გაიტანა.

„ეს იქნება ჯამში 3 764 830 ლარი, რომელიც გამოიყოფა ცესკოსთვის 2016 წლის 8 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა თაბუაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რატომ გახდა საჭირო ცესკოსთვის დამატებითი თანხის გამოყოფა და აღნიშნა, რომ ეს ნებისმიერი არჩევნებისთვის იქნება საჭირო.

„დღეს კონკრეტული თანხის დამატება ბიუჯეტიდან იმიტომ გახდა საჭირო, რომ გამოცხადდა არჩვენები და უკვე 8 ივლისიდან ჩვენ გვაქვს წინასაარჩევნო რეჟიმი. შესაბამისად, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, კიდევ იქნება დამატებითი თანხების გამოყოფა საჭირო, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენი მეორე ტური იქნება ჩასატარებელი, შემდეგ უკვე როგორ განაწილდება ხმები და რამდენ ხმას მიიღებენ პოლიტიკური პარტიები, რადგან მათ შესაბამისად უნდა მიიღონ დაფინანსება სახელმწიფოდან“, - განაცხადა თაბუაშვილმა.