პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი, მაია მელიქიძე დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის დირექტორსა და გამგეობის წევრებს შეხვდა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მაია მელიქიძე იმ პრობლემებს გაეცნო, რომელიც სექტორის წინაშე დგას და რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყოველდღიურ მუშაობაში აწყდებიან.

როგორც მაია მელიქიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ მიკროსაფინანსო სექტორი სოფლის მეურნეობის სფეროს ერთ-ერთი ძირითადი დამკრედიტებელია და მეტწილად განაპირობებს აღნიშნული, უმნიშვნელოვანესი სექტორის განვითარებას, მით უფრო, რომ დასაქმებულთა 50 პროცენტზე მეტი სოფლის მეუნეობაზე მოდის, თავად მიკროსაფინანსო სექტორის სტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანია.

„იმისათვის, რომ შენარჩუნდეს სექტორის სტაბილურობა, გავეცანით იმ პრობლემატიკას, რომელიც მათ წინაშე დგას და გამოვთქვით მზადყოფნა, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად სიღრმისეულად შევისწავლოთ და განვიხილოთ ყველა საკითხი რაც მათ აწუხებთ, რათა დროულად მოხერხდეს პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, მიკროსაფინანსო სექტორის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ცვლილებების აუცილებლობასაც.

მაია მელიქიძის განცხადებით, დარგობრივ ასოციაციებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მჭიდრო თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.