დავით ნარმანია სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორის გათავისუფლებაზე - განსაკუთრებული არაფერი ხდება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ყოფილი ფინანსური დირექტორის ირაკლი ღურჭუმელიას განცხადებით, თანამდებობა სხვა სამსახურში გადასვლის გამო დატოვა.

მისი თქმით, სატრანსპორტო კომპანიაში 3 მაისის შემდეგ აღარ მუშაობს.

”3 მაისის მერე მანდ აღარ ვმუშაობ. სხვა სამსახურში ვარ და სხვაგან ვმუშაობ. მერიას გუშინ გაუკეთებია განცხადება მთავრობის სხდომაზე. ერთი თვის წინ დავწერე განცხადება. მერე ვიყავი კუთვნილ შვებულებაში”, - განაცხადა ღურჭუმელიამ ”რუსთავი 2-თან” საუბარში.

საკითხს გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანიაც და განაცხადა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან ღურჭუმელია შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე არ გათავისუფლებულა.

”შიდა აუდიტი არ დამთავრებულა და შესაბამისად არავის აქვს ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა. ღურჭუმელიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. მას დიდი ხანია განცხადება დაწერილი აქვს, უბრალოდ, ახლა მოხდა დაკმაყოფილება მთავრობის სხდომაზე. განსაკუთრებული არაფერი ხდება. ძალიან ბევრი ქაღალდი შეიძლება დავადოთ და ვთქვათ, რომ მოცულობითია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დარღვევებია”, - განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია თანამდებობიდან გათავისუფლდა.

როგორც აბესაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ღურჭუმელიას თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დაატოვებინეს, თუმცა, რეალურად, „ის გათავისუფლებულია კორუფციული გარიგებების გამო“, რომელიც აღნიშნულ სამსახურში ხორციელდებოდა და რომელიც შიდა აუდიტის ჩატარების შედეგად გამოვლინდა.