პანამის არხის ადმინისტრაციამ გემის გატარებისთვის რეკორდული თანხა მიიღო

პანამის სახელმწიფო სააგენტომ, რომელიც ქვეყნის უმთავრეს ინფრასტრუქტურულ „ღერძს“ „პანამის არხს“ მართავს, კონტეინერმზიდ MOL Benefactor-ის გატარებისთვის 829 ათასი დოლარი მიიღო. ამის შესახებ ტელეკომპანია TVN იტყობინება. გემი, რომლის სიგრძეც 337 მეტრია, ხოლო სიგანე 48 მეტრი, არხზე ჩრდილოეთის მიმართულებით გაივლის.

აქამდე არსებული რეკორდი ასევე პანამის არხს ეკუთვნოდა, რომელმაც მაშინ 575 ათასი დოლარი შეადგინა. ანაზღაურების ოდენობა კონტეინერმზიდებისთვის გემის სიგრძისა და ტევადობის მიხედვით განისაზღვრება.

პანამის გაფართოებული არხი 9-წლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ გასულ კვირას გაიხსნა. პირველი გემის გატარების საზეიმო ღონისძიებას ათასობით ადამიანი ესწრებოდა.

კოკა კვირკველია