ბორჯომის მუნიციპალიტეტმა განათების სამუშაოებისთვის ახალი მანქანა შეიძინა

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა გარე-განათების სამუშაოებისთვის განკუთვნილი სპეცტექნიკა შეიძინა. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში აცხადებენ, ავტოკალათი ა(ა)იპ "გარეგანათების" სამსახურს უკვე გადაეცა.

ბორჯომის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, მანქანა როგორც ქალაქს, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებს საჭიროების მიხედვით მოემსახურება.

”აღნიშნულ სამსახურს მხოლოდ ერთი ერთეული სპეცტექნიკა ჰყავდა, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამუშაოების დროულად შესრულებას ვერ უზრუნველყოფდა. ახალი ავტოკალათი, რაიმე პრობლემის შემთხვევაში სწრაფად მოახდენს რეაგირებას”, - აღნიშნა გამგებელმა.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 201 700 ლარი გაიხარჯა.