3 ივლისს თამარაშვილის ქუჩა გადაიკეტება

თამარაშვილის ქუჩა 3 ივლისს დროებით გადაიკეტება. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, 3 ივლისს, 07:00-საათიდან 14:00 საათამდე, უნივერსიტეტის ქუჩის კუთხიდან ”ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურამდე თამარაშვილის ქუჩა დაიკეტება.

”აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტორბოლა გაიმართება. შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი შეიცვლება. კერძოდ, ვაკიდან მეტრო „დელისისკენ“ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები თამარაშვილის ქუჩიდან გადაუხვევს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, მობრუნდება ხიდზე, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გავლით გავა ვაჟა ფშაველას გამზირზე და გააგრძელებს გზას დადგენილი მარშრუტით.

მეტრო „დელისიდან“ ვაკის მიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თამარაშვილის ქუჩიდან ჩავა ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილზე, შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და გურამ ავალიშვილის ქუჩების გავლით მოხვდება ჭავჭავაძის გამზირზე და მობრუნდება ვაკის პარკთან.

განსხვავებული მარშრუტი ექნება N140 ავტობუსს - ქავთარაძის ქუჩიდან, ყაზბეგის გამზირის, პეკინისა და კოსტავას ქუჩების გავლით, გადაადგილდება ვარაზისხევისკენ, მელიქიშვილის გამზირიდან კი გზას ჩვეული მარშრუტით განაგრძობს”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.