კომპანია „ეი-ბი-სი ფარმაცია“ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პასუხობს

კომპანია „ეი-ბი-სი ფარმაცია“, სააფთიაქო ქსელი „ფარმადეპო“ ეხმაურება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ 29 ივნისს გავრცელებულ განცხადებას (საინფორმაციო სააგენტო ,,ბიზნესპრესნიუსის’’ მიერ 2016 წლის 28 ივნისს გამოქვეყნებული სტატია - საჯარომოხელე vs მეწარმე?) და გამოთქვამს შეშფოთებასა და წუხილს იმ ფაქტის გამო, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანო, საჯარო პირი ასეთ დისკრედიტაციულ და აშკარად მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს კონკრეტული კერძო კომპანიის წინააღმდეგ, რაც არ შეეფერება საჯარო მოხელის პოზიციას და აქვეითებს საჯარო სამსახურის სტატუსს საზოგადოებაში.

ყოვლად მიუღებელი და გაუგებარია ამგვარი განცხადება ჩვენი კომპანიის მიმართ. ვთვლით, რომ ეს სტატია ცალსახად ადასტურებს და ხაზს უსვამს კონკრეტული საჯარო მოხელეების მხრიდან სუბიექტურ დამოკიდებულებას, აშკარა ანტიპათიას და აგრესიას სააფთიაქო ქსელი „ფარმადეპოს“ მიმართ, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზოგადად ფარმაცევტული სფეროს განვითარებაში. ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს და იცის, თუ რა შვება მისცა „ფარმადეპოს“ გამოჩენამ პირადად თითოეულ პაციენტს. დღესაც ვამაყობთ ჩვენი ერთგული მომხმარებლებითა და უამრავი მიღებული მადლობის წერილით.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ განცხადების გავრცელება, რომელიც ვითომდა ჩვენი წერილის საპასუხოდ გაკეთდა, წარმოადგენს „პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ქმედებას“ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მუხლი 18), რომელიც მიმართულია მაღალი რეპუტაციის მქონე კერძო კომპანიის დისკრედიტაციისაკენ. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად „ფარმადეპო“ აუცილებლად დაიცავს თავის რეპუტაციას და მიმართავს ყველა შესაბამის ზომას მოყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

(R)