აფბა - წყალარინების გადასახადის გადახდა გოგირდის აბანოებს არ გააკოტრებს

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურსა“ და თბილისში მდებარე გოგირდის აბანოებს შორის არსებული სადავო საკითხი შეისწავლა.

როგორც აფბა-ში აცხადებენ, დავა, რომელიც კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარეობს, კრიტიკულ ფაზაშია და სწრაფ გადაჭრას საჭიროებს. ერთი მხრივ, აბანოებს უგროვდებათ დავალიანება, მეორე მხრივ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ვერ ღებულობს გაწეული სერვისის ღირებულებას.

„რამდენადაც არც ერთი მხარე საკუთარი პოზიციებიდან უკან დახევას არ აპირებს, დავას სიმწვავე კიდევ უფრო ემატება. შედეგად, საკითხმა სასამართლოსა და ქუჩებში (აქციების სახით) გადაინაცვლა. ეს პროცესები კი ორივე მხარეს აზარალებს. ის არგუმენტი კი, რომ წყალარინების მომსახურებისთვის ჩამდინარე კუბურ მეტრ წყალზე 0,845 ლარის ტარიფის გადახდა გოგირდის აბანოებს გააკოტრებს, საფუძველს მოკლებულია, რადგან უხეში დათვლებითაც კი, თუ კომპანიას უწევს თვეში საშუალოდ 4 000 ლარის გადახდა საკანალიზაციო მოსახურებაში, ეს დღეში, საშუალოდ, 130-135 ლარს შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გოგირდის აბანოებში ნომრის ერთი საათით დაქირავება 50-დან 200 ლარამდე მერყეობს, გამოდის, რომ წყალარინების გადასახადი დღეში 1 –1,5 კლიენტის მოსახურების ფასს ეთანადება. ამასთან, თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ თითოეულ აბანოს საშუალოდ, სულ მცირე 5 VIP ნომერი გააჩნია და სამუშაო საათები, პრაქტიკულად შეუზღუდავია, ეს აბანოს სრული დატვირთვის პირობებში 120 საათს, ხოლო 50%-იანი დატვირთვის პირობებში 60 საათს გულისხმობს. თუ კვლავ ნომერზე საშუალო ფასს 100 ლარს ავიღებთ, გამოდის, რომ კონკრეტულ გოგირდის აბანოს 6 000 ლარის შემოსავალი უნდა ჰქონდეს დღიურად მხოლოდ VIP ნომრების გაქირავებით და აქ არ არის გათვალისწინებული საერთო სივრცეში შესული მომხმარებლებიდან მიღებული შემოსავალი, რაც თავის მხრივ, არ უნდა წარმოადგენდეს სოლიდურ მოცულობას, თუმცა, მთლიან შემოსავლებში, ცხადია უნდა იქნას გათვალისწინებული. მიუხედავად იმისა, რომ გოგირდის აბანოები თბილისის ისტორიის ნაწილია და უდავოდ წარმოადგენს კულტურულ-ისტორიულ და ეთნოგრაფიულ საგანძურს, ისინი, დღეისათვის, კერძო კომპანიების მფლობელობაშია და სახელმწიფოს მხრიდან რაიმე განსაკუთრებული სტატუსითა თუ შეღავათებით არ სარგებლობენ. მათზე ვრცელდება იგივე საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზა, რაც სხვა კერძო კომპანიებზე“, - ნათქვამია აფბა-ს განცხადებაში.

ამასთან, ორგანზიაციის თქმით, შესწავილი მასალიდან წარმოჩინდა, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ კანონის ფარგლებში მოქმედებდა.

„შესაბამისად, თუ გორგირდის აბანოებს რაიმე სახის შეღავათის მიღება სურთ, ეს უნდა მოხდეს GWP-სთან პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად, რადგან ვერც ერთი სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ მოახდენს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურზე“ ზეწოლას გოგირდის აბანოებისათვის პრეფერენციების მოთხოვნით”, - აცხადებს აფბა და კერძო სუბიექტებს მოლაპარაკებისაკენ მოუწოდებს.

„აფბას“ რეკომენდაციებია: მხარეების მორიგებისთვის შეიქმნას უწყებათშორისი კომისია, რომელშიც წარმომადგენელი ეყოლება კულტურის სამინისტროს, ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას, ტურიზმის დეპარტამენტს, თბილისის მერიას, ბიზნესომბუდსმენის აპარატს და მხარეებს. კომისიამ უზრუნველყოს მხარეების მოლაპარაკების დაწყება; მიმართავს მხარეებს, დაუკვეთონ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გოგირდის აბანოების წყალარინების მოცულობის განსაზღვრისთვის საჭირო ექსპერტიზა და შემდგომი ურთიერთობისას დაეყრდნონ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნას. ამ შემთხვევაში, აღარ დარჩება ადგილი სპეკულაციებისათვის, თუ რა მოცულობის მოხმარებული წყალი ჩაედინება „ჯივიპის“ წყალარინების სისტემაში. ამასთან, „აფბა“ GWP-ის მიმართავს რეკომენდაციით, მოახდინოს გოგირდის აბანოების მიერ დღემდე დაგროვილი დავალიანების რესტრუქტურიზაცია და მისი მაქსიმალურ პერიოდზე გაწერა; რეკომენდაციით მიმართავს გოგირდის აბანოების მფლობელებს, რომ უარი თქვან პროტესტის გამოხატვის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა აქციები, აბანოების დახურვა და სხვა. ეს აზარალებს, როგორც მათ ბიზნესს, ისე აბანოების სერვისის მიმღებ მომხმარებლებს. ამ მიდგომით ისინი კიდევ უფრო იუარესებენ მდგომარეობას, რადგან აბანოების მოკლე ხნით, თუ სრულად დახურვის მიუხედავად, GWP-ი მაინც სწევს მათთვის წყალარინების მომსახურებას, რაც მათ დავალიანებას კიდევ უფრო ზრდის; რეკომენდაციით მიმართავს გოგირდის აბანოების მფლობელებს, გამონახონ მოლაპარაკების რესურსი GWP-სთან, მოხსნან დღის წესრიგიდან მათთვის ტარიფის შემცირების მოთხოვნა და თავისი მხრიდან, ხელი შეუწყონ სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დასრულებას.

იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეძლებენ კონსენსუსამდე მისვლას, „აფბა“ მათ მოუწოდებს დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში და დაელოდონ სასამართლო გადაწყვეტილებას საკითხთან დაკავშირებით.