საქართველოში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საქართველოში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ჰესების მშენებლობა საფრთხის შემცველია.

”ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას „ნენსკრა ჰესის“, „ხუდონ ჰესის“ და სხვა დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ”, - განაცხადა ”დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების” საარჩევნო დაპირება იყო, რომ საქართველოში აიკრძალებოდა დიდი ჰესებისა და ატომური სადგურების მშენებლობა.

”ბოლო შანსი აქვს საქართველოს ხელისუფლებას, დაგვარწმუნოს, რომ არ გვატყუებს. არჩევნებამდე დარჩენილია 2-3 თვე. მოვუწოდებთ მათ, ხელი აიღონ საკუთარი დაპირების შეუსრულებლობაზე, ხელი აიღონ საქართველოს დატბორვაზე”, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, 3 ივლისს სვანეთში ჩატარდება აქცია „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი ცინდელიანმა განაცხადა, დიდი ჰესების მშენებლობა საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის.

”ჰესის მშენებლობას მოყვება მეწყერების გააქტიურება და მთლიანად სოფლის მოსახლეობას წალეკვის საფრთხეს უქმნის. ჩვენ ვითხოვთ დიდი ჰესების მშენებლობის შეწყვეტას, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, „ნენსკრა ჰესთან“ მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას. 3 ივლისს, „ნენსკრა ჰესის“ სამშენებლო ტერიტორიაზე, დაგეგმილია სვანეთის თემების შეკრება. გაიმართება „ნენსკრა ჰესის“ წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია”, - განაცხადა გიორგი ცინდელიანმა.