კომპანია Apple რეპერ ჯეი ზის მუსიკალურ ბიზნესს უმიზნებს

კორპორაცია Apple კიდევ ერთი ამერიკული კომპანიის Tidal-ის შესყიდვაზე სავარაუდო მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal იუწყება.

როგორც გამოცემას წყარომ აცნობა, რეპერ ჯეი ზის კუთვნილი კომპანიის შესყიდვასთან დაკავშირებით Apple-ში ჯერ სიტუაციას სწავლობენ, შესაბამისად შესაძლოა, გარიგება არც შედგეს.

ყიდვის შემთხვევაში კი, კომპანია შეძლებს საკუთარ მუსიკალურ სერვისზე Apple Music-ზე ისეთი მომღერლები მიიპყროს, როგორებიც არიან მადონა, კანიე უესტი და სხვები. ისინი Tidal-თან მჭიდრო კავშირში არიან.

ამასთან, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში გაჩნდა ინფორმაცია, რომ Tidal-თან მოლაპარაკებას სამხრეთ-კორეული გიგანტი Samsung აწარმოებდა. მის მიმართ ინტერესი გამოუხატავთ ასევე Google-ს და Spotify-ს.

მუსიკალური სერვისი Tidal 2014 წელს სკანდინავიური კომპანიის Aspiro-ს მიერ შეიქმნა, ხოლო 2015 წელს ის რეპერმა ჯეი ზიმ 56 მილიონად შეიძინა. მისი თანამფლობელები არიან მადონა, რიანა, კანიე ვესტი, და სხვები. Tidal სხვა მსგავსი სერვისებისგან იმით განსხვავდება, რომ კლიენტს სთავაზობს მუსიკას უმაღლესი ხარისხით, ფორმატში FLAC. მისი მომსახურება ფასიანია და თვეში 9,99 და 19,99 დოლარი ღირს.

კოკა კვირკველია