"საქართველოში დაბინძურებული ჰაერი მძიმედ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზეც, რადგან ტურისტებს დააფრთხობს"

არის თუ არა საქართველოში მომაკვდინებლად დაბინძურებული ჰაერი?

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, მსოფლიოს ქვეყნებს შორის დაბინძურებული ჰაერის გამო ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში კვდება. რამდენიმე დღეა, ეს განცხადება კამათის საგნად იქცა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჰაერის დაცვის სამსახურის მართვის მთავარი სპეციალისტის, ნოე მეგრელიშვილის თქმით, ეს დასკვნა რეალობას არ შეესაამება. მისივე თქმით, დასაზუსტებელია კვლევის საწყისი მონაცემი, რადგან თუ საწყისი მონაცემი მცდარია, კვლევა ვერ იქნება რეალური.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კვლევაში არ არის განმარტებული, რა იწვევს საქართველოში ჰაერის დაბინძურებას, თუმცა ჰაერის ხარისხის ექსპერტი ტიმ კოვაჩი ვარაუდობს, რომ პრობლემა გაუმართავი ავტოპარკის ბრალია. მეგრელიშვილის თქმით, კოვაჩი დასკვნის გაკეთებისას ეყრდნობა მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს ანგარიშს, ამიტომ მისი დასკვნა, დიდი ალბათობით, მცდარია...

ნოე მეგრელიშვილის ამობს, რომ ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელად გარემოს დაცვის სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.

2013 წლიდან ხორციელდება ჰაერის დაბინძურების შემცირების სახელმწიფო პროგრამა, რაც შემდეგ ღონისძიებებს მოიცავს:

ავტოპარკის გაახალგაზრდავება და ტექნიკური მონაცემების გაუმჯობესება; საწვავის ხარისხი და მისი მონიტორინგი; საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება; საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლება და კვლევები – ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლისა და ადამიანის ჯანმრთელობის ურთიერთკავშირის შესახებ.

მაშ, რის საფუძველზე გააკეთა ასეთი დასკვნა საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ და რა საპასუხო ქმდებები უნდა განახორციელოს საქართველომ, ამ საკითხებზე გარემოს დაცვის პროექტების კოორდინატორს, ეკოლოგ რეზო გეთიაშვილს ვესაუბრეთ:

- ძნელი დასაჯერებელია, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურებით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე სხვა, უფრო განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ რადგან საგანგაშო მონაცემები გამოქვეყნდა, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების თემაა და შესაბამისი მიდგომა და შესწავლა სჭირდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცმებზე ადგილობრივი სახელმწიფო უწყებების ზეპირი პასუხი, რომ ეს დასკვნა გადაჭარბებული და საფუძველს მოკლებულია, უბრალოდ უპასუხისმგებლობაა.

როდესაც საერთაშორისო ორგანიზიცია ატარებს კვლევას გაკრვეულ მონაცემებზე დაყრდნობით და მოსახლეობისთვის საგანგაშო შედეგებს გაწვდის, რომელიც ქვეყნის შესაბამის უწყებებს არასანდოდ მიაჩნიათ, მაშინ მათ უნდა განახორციელონ უფრო ზუსტი კვლევა და ზუსტი შედეგები დადონ. შემდეგ კი უნდა შეისწავლონ ის მიზეზები, თუ რატომ მივიდა ეს ორგანიზაცია ამ დასკვნამდე. ზეპირი განცხადება, რომ ეს გადაჭარბებულია, საზოგადოებას მშვიდად ყოფნის საფუძველს ვერ მისცემს...

გარდა ამისა, ეს დასკვნა მძიმედ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზეც, რადგან ამის წაკითხვის შემდეგ, ძალიან ბევრი ტურისტი დაფიქრდება, ჩამოვიდეს თუ არა საქართველოში, სადაც თურმე ლამაზი ბუნება ყოფილა, მაგრამ დაბინძურებული ჰაერის მაჩვენებლით მსოფლიოში ლიდერობს...

- რა შეიძლება პრევენციისთვის გაკეთდეს, რათა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კვლევის შედეგები განეიტრალდეს?

- ეს ეტაპობრივად უნდა გაკეთდეს. პირველ რიგში, უნდა შეიკრიბოს შესაბამისი საბჭო, კომპეტენტური კომისია და დაიწყონ კვლევა, თუ რატომ მივედით ამ შედეგებამდე. მართალია, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დასკვნებს ვერ გავაბათილებთ, მაგრამ თუ მართლაც არ არის კატასტროფული მდგომარეობა, საერთაშორისო იმიჯს მაინც გამოვასწორებთ. თუ მძიმე მდგომარეობა არ არის, თუმცა, სიტუაცია საყურადღებოა, ხარვეზებზე უნდა დაიწყონ მუშაობა... საზოგადოებას აქვს კონსტიტუციური უფლება იცოდეს, საშიშია თუ არა გარემო, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

- გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, 2013 წლიდან ხორციელდება ჰაერის დაბინძურების შემცირების სახელმწიფო პროგრამა...

- მაშ, რამ გამოიწვია ასეთი კატასტროფული დასკვნა?.. ახლა საუბარია ავტოტექდათვალიერების შემოღებაზე, რაც აუცილებელია, რადგან არსებული სატრანსპორტო საშუალებების უმეტესობა გაუმართავია. მისასალმებელია, მთავრობამ ამის შესახებ განცხადება რომ გააკეთა, მაგრამ მსგავსი განცხადებები ადრეც მოგვისმენია და კონკრეტულ საქმემდე ჯერ ვერ მივედით.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

წუარო: "კვირის პალიტრა"