ზურაბ ტყემალაძე სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებაზე - რაც უფრო მეტი სატრანზიტო ფუნქცია ექნება საქართველოს, მით უკეთესია

რაც უფრო მეტი სატრანზიტო ფუნქცია ექნება საქართველოს, მით უკეთესია, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ სომხეთის სატრანსპორტო მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ შესაძლოა, „სამხრეთ ოსეთის“ გავლით რუსეთის მიმართულებით ახალი გზა გაიხსნას და ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, ყველანაირი ალტერნატივა უნდა განიხილებოდეს, მაგრამ არა საქართველოს ინტერესების საზიანოდ, არამედ სასარგებლოდაც, მათ შორის. რაც უფრო მეტი სატრანზიტო ფუნქცია ექნება საქართველოს, მით უფრო უკეთესია, რომ შეფერხებების შემთხვევაში ამა თუ იმ გზაზე, იქნას გამოყენებული, მაგრამ ამას სჭირდება გაანალიზება, მსჯელობა. ამ მიმართულებით ვნახოთ, რა შედეგამდე მივალთ“, - განაცხადა ტყემალაძემ.

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა გაგიკ ბეგლარიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა სომხეთის მოქალაქეებისთვის “სამხრეთ ოსეთის” გავლით რუსეთთან მიმავალი გზა გაიხსნას.

მისი ინფორმაციით, “სამხრეთ ოსეთის” გავლით გზის გასახსნელად ანალოგიური მოლაპარაკებები რუსულ მხარესთანაც მიმდინარეობს.

„საქართველოსა და ”სამხრეთ ოსეთს” შორის პოლიტიკური უთანხმოება არსებობს. ეს ჩვენს სამუშაოს ართულებს, ამიტომ ამ პროგრამის განხორციელების შანსი 50/50-ზეა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმ მიზნით, რომ რუსულმა და ქართულმა მხარემ შეთანხმებას მიაღწიონ“, - განაცხადა გაგიკ ბეგლარიანმა.

მისი თქმით, სომხეთისთვის ალტერნატიული მარშრუტის გახსნა ლარსზე მომხდარი სტიქიის გამო გახდა აქტუალური, რადგან თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან ბლოკადის პირობებში, საქართველო სომხეთისთვის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება.

„დღეს არსებული მდგომარეობით, არსებობს გზის გახსნის შესაძლებლობა ”სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიის გავლით. გზა კარგ მდგომარეობაშია“, - განაცხადა სომეხმა მინისტრმა.

სომხური მხარე საქართველოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა სომხეთის მოქალაქეებისთვის “სამხრეთ ოსეთის” გავლით რუსეთთან მიმავალი გზა გაიხსნას, - როგორც სომხური მედია იტყობინება, ამის შესახებ სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა გაგიკ ბეგლარიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, “სამხრეთ ოსეთის” გავლით გზის გასახსნელად ანალოგიური მოლაპარაკებები რუსულ მხარესთანაც მიმდინარეობს.