ირაკლი ალასანია - ”თავისუფალი დემოკრატების” მთავრობის პირობებში საარსებო მინიმუმი 250 ლარი იქნება, პენსია 300 ლარი

”თავისუფალი დემოკრატების” მთავრობის პირობებში საარსებო მინიმუმი 250 ლარი იქნება, - ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, დღეს საარსებო მინიმუმი 160 ლარია, რაც არაა საკმარისი და ეს საზოგადოების დაცინვაა.

”თავისუფალმა დემოკრატებმა” რეალურად დავიანგარიშეთ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი მინიმალურად მაინც იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის 250 ლარი. ”თავისუფალი დემოკრატების” მთავრობის პირობებში საარსებო მინიმუმი იქნება 250 ლარი. შესაბამისად პენსია, რომელიც დღეს 180 ლარი გახდა, ჩვენს პირობებში იქნება 300 ლარი”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, კანონის შესაბამისად მთაში მცხოვრები პენსიონერების პენსია 20%-ით მეტი იქნება.

ალასანიას თქმით, ”თავისუფალი დემოკრატების” მთავრობის პირობებში ყველა მოქალაქეს ექნება უკეთესი ანაზღაურება.

”მინიმალური ხელფასი იქნება 500 ლარი. ვეღარავინ ამუშავებს ჩვენს მოქალაქეს საათში 3 ლარზე ნაკლებად”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ პირველად საქართველოში, საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული იქნება სახელფასო მინიმუმი.

მისივე ინფორმაციით, ”თავისუფალი დემოკრატები” ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სოციალურ ხარჯებს გაზრდიან.

”მილიარდნახევრით გაიზრდება ჩვენს პირობებში სოციალური ხარჯები, 4 მილიარდამდე გაიზრდება ეკონომიკა იმ პირობებში, რაც ჩვენ გვაქვს დათვლილი”, - განაცხადა ალასანიამ.