ზვიად კვაჭანტირაძე სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებაზე - არსებობს წითელი ხაზები, რომელსაც ჩვენ არ გადავკვეთთ

არსებობს წითელი ხაზები, რომელსაც ჩვენ არ გადავკვეთთ, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე კითხვას, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით, სომხეთ-რუსეთის დამაკავშირებელი გზის აღდგენაზე მოლაპარაკებებს უკავშირდება.

“ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით მოძრაობის აღდგენაზე სერიოზული მსჯელობა, სადღეისოდ არამართებულია. აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით ლაპარაკიც არ არის, რადგან შესაბამისი წინაპირობები არ შექმნილა. ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთის საშუალებას არც ჩვენს თავს მივცემთ და ამას არც სხვას დავანებებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად კვაჭანტირაძემ.

სომხური მხარე საქართველოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა სომხეთის მოქალაქეებისთვის “სამხრეთ ოსეთის” გავლით რუსეთთან მიმავალი გზა გაიხსნას, - როგორც სომხური მედია იტყობინება, ამის შესახებ სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა გაგიკ ბეგლარიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, “სამხრეთ ოსეთის” გავლით გზის გასახსნელად ანალოგიური მოლაპარაკებები რუსულ მხარესთანაც მიმდინარეობს.

„საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის შორის პოლიტიკური უთანხმოება არსებობს. ეს ჩვენს სამუშაოს ართულებს, ამიტომ ამ პროგრამის განხორციელების შანსი 50/50-ზეა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმ მიზნით, რომ რუსულმა და ქართულმა მხარემ შეთანხმებას მიაღწიონ“, - განაცხადა გაგიკ ბეგლარიანმა.

მისი თქმით, სომხეთისთვის ალტერნატიული მარშრუტის გახსნა ლარსზე მომხდარი სტიქიის გამო გახდა აქტუალური, რადგან თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან ბლოკადის პირობებში, საქართველო სომხეთისთვის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება.

„დღეს არსებული მდგომარეობით, არსებობს გზის გახსნის შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით. გზა კარგ მდგომარეობაშია“, - განაცხადა სომეხმა მინისტრმა.