შიდა ქართლის მოსახლეობას „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა“ გააცნეს

საპარტნიორო ფონდმა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ გაცნობის მიზნით შიდა ქართლის მოსახლეობისთვის გორის უნივერსიტეტში მორიგი შეხვედრა გამართა.

როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა ვაჟა მენაბდემ, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ კასრაძემ და საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ჩერქეზიშვილმა რეგიონის მოსახლეობას პროგრამის დეტალებზე, მასში მონაწილეობის წესების და პირობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

საპარტნიორო ფონდმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელება 17 ივნისიდან დაიწყო. პროგრამის მიზანია მათ, ვისაც არ აქვს ფინანსური სახსრები, მიეცეთ შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ან პირთა ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნეს წინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება.

საპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია “სტარტაპ საქართველო“ თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შეიტანს. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე 45%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილეობის პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ახალ კომპანიაში 50%-იანი, ან მეტი წილის მფლობელი ხდება. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა, გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორები.

უნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს. ასეთ დროს ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95% იქნება.

განაცხადების მიღება 2016 წლის 17 ივნისიდან დაიწყო და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge-ზე განთავსდა. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე ემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავსებულია პროგრამის ფრონტ-ოფისი. ასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი +995 322900030. პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით.

შემდეგ პრეზენტაციას საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი 4 ივლისს თელავში გამართავს. ამასთან, მოსახლეობის უკეთ ინფორმირებისთვის, პროგრამის კოორდინატორები დაინტერესებულ პირებს ღია კარის დღეზე იწვევენ, რომელიც 14 და 28 ივლისს, 19:00 საათზე, ოქროყანაში, ტექნოლოგიურ პარკში გაიმართება.