რომან გოცირიძე - 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შემოსავლების დანაკლისმა 208 მლნ ლარი შეადგინა

”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის რომან გოცირიძის განცხადებით, როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების კუთხით 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა ვერ შესრულდა. გოცირიძის თქმით, ამის ძირითადი მიზეზი სუსტი ეკონომიკური ზრდა და მთავრობის მიერ წარმოებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, შემოსავლების 6 თვის გეგმა 208 მილიონი ლარით გაირღვა და 2016 წლის იანვარ-მაისში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მხოლოდ 2,9 პროცენტი შეადგინა.

„მიუხედავად მთავრობის ოპტიმიზმისა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის იანვარ-მაისში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ მხოლოდ 2,9 პროცენტი შეადგინა. წლის პირველი ნახევარი გამოირჩეოდა გარდა ფისკალური, ასევე მონეტარული არასტაბილურობითაც, რაც ლარის კურსის გაუფასურებაში და მის მკვეთრ რყევებში გამოიხატა. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შემოსავლების გეგმა განსაზღვრული იყო 4,636 მილიარდი ლარის ოდენობით, ფაქტობრივად ბიუჯეტში შემოვიდა 4,428 მილიარდი ლარი. დანაკლისმა 208 მილიონი ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის 6 თვის შემოსავლების მოცულობა 366 მილიონი ლარით ნაკლებია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც მაშინ 4,794 მილიარდ ლარს შეადგენდა”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის შეფასებით, 2016 წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა, თუმცა ეს ”ვერ ანეიტრალებს მთლიანი ჩამორჩენის ნეგატიურ ეფექტს”.

”ერთადერთი, რაც შესრულდა 2016 წლის პირველ ნახევარში, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა, რომელიც 29 მილიონით მეტია დაგეგმილზე (ნაცვლად 3.716 მილიარდისა შემოვიდა 3,745 მილიარდი ლარი). ბიუჯეტი არ შეიცავს მხოლოდ საგადასახადო შემოსავლებს და მისი ერთი ნაწილის გეგმის გადაჭარბებით შესრულება ვერ ანეიტრალებს მთლიანი ჩამორჩენის ნეგატიურ ეფექტს. შემოსავლების გეგმის ჩავარდნის მიზეზი იყო არასაგადასახადო შემოსავლებიდან და საგარეო წყაროებიდან თანხების მიუღებლობა”, - აღნიშნა რომან გოცირიძე.

გოცირიძემ ასევე ისაუბრა ბიუჯეტის ხარჯებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ 245 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა, ვიდრე ბიუჯეტში დაგეგმილი იყო.

”2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები დაგეგმილი იყო 4,924 მილიარდი ლარის ოდენობით, ფაქტობრივად, დაიხარჯა 4, 679 მილიონი ლარი, რაც 245 მილიონი ლარით ნაკლებია დაგეგმილთან შედარებით”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ლარის არასტაბილურობის ერთ-ერთ მიზეზად მთავრობის მიერ შემოსავლებში წარმოქმნილი დანაკლისის 251 მილიონი ლარის ძველი ნაშთებიდან დაფარვა დაასახელა.

”მთავრობამ შემოსავლებში წარმოქმნილი დანაკლისი დაიფარა ძველი ნაშთებიდან 251 მილიონი ლარის ოდენობით. ეს უკანასკნელი გახდა ლარის არასტაბილურობის ერთ-ერთი მიზეზი”, - განმარტა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის პროგნოზით, 2016 წლის მეორე ნახევარში, 787 მილიონი ლარით მეტი უნდა დაიხარჯოს, რაც ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის რისკის შემცველია.

”2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განსაზღვრულია 10,145 მილიარდი ლარის ოდენობით. წლის პირველ ექვს თვეში ათვისებულია მხოლოდ 4, 679 მილიონი ლარი. დარჩენილ პერიოდში უნდა დაიხარჯოს 5,466 მილიარდი ლარი, რაც 787 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე წლის პირველ ნახევარში.

ბიჯეტის არათანაბარზომიერი განაწილება და ტრადიციულად, წლის ბოლო თვეებზე გადატანილი დეფიციტური ხარჯვა კვლავ რჩება მადესტაბილიზებელ ფაქტორად და იგი ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის რისკის შემცველია” , - აცხადებს რომან გოცირიძე.