"ემიგრანტები, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ მუშაობენ, არ უნდა იღებდნენ პენსიას"

პრემიერ-მინისტრმა უკვე დაანონსა, რომ აუცილებელია, შეიცვალოს საპენსიო კანონმდებლობა. სერიოზული მუშაობა დაიწყო იმ სისტემის ჩამოსაყალიბებლად, რაც მომავალში უზრუნველყოფს კერძო, დაგროვებითი საპენსიო ფონდის შექმნას და დიფერენცირებული პენსიის არსებობას ქვეყანაში. სახელმწიფომ და პროფკავშირებმა ცალ-ცალკე წარმოადგინეს პროექტები. როგორც ცნობილია, ორივე მხარესთან მუშაობს მსოფლიო ბანკი, რომელიც ცდილობს დააახლოოს ეს ორი ხედვა.

2017 წლიდან "ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების" საპენსიო რეფორმის ნაწილიც ამოქმედდება. აუცილებელი გახდება სისტემის რეფორმირება. ამ მიმართულებით უამრავი ასპექტი არსებობს, რომლის შესახებაც ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით. დღეს კი ემიგრანტებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

საქმე ის არის, რომ ემიგრანტები, რომლებიც არალეგალად მუშაობენ საზღვარგარეთ, რეფორმირებულ საპენსიო სისტემაში არ მოიაზრებიან. მეტიც, პროფკავშირები პენსიონერი ემიგრანტებისთვის პენსიის მოხსნას ითხოვენ.

დარჩებიან თუ არა წლების განმავლობაში საზღვარგარეთ გადახვეწილი ემიგრანტები პენსიის გარეშე? საპენსიო რეფორმაში არიან თუ არა გათვალისწინებულები ემიგრანტები? წლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულები მიიღებენ თუ არა დიფერენცირებულ პენსიას და როგორი სიბერე ელით მათ?

ცნობისათვის: დღეს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მილიარდ ნახევარი დოლარი შემოაქვთ ემიგრანტებს. ეს შიდა მოხმარების პროდუქტის 12%-ია. ხშირად გაიგონებთ, რომ ჩვენი ქვეყნისათვის ამ ურთულეს სოციალურ-ეკონომიკურ პერიოდში, ემიგრანტებმა თავისი შემოწირულობებით ფაქტობრივად, გადაარჩინეს არა მხოლოდ საკუთარი ოჯახები, არამედ ქვეყანაც.

ირაკლი პეტრიაშვილი, პროფკავშირების ხელმძღვანელი: - არის შემთხვევები, როცა საპენსიო ასაკის ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ არალეგალურად მუშაობენ, საქართველოში მაინც ერიცხებათ ყოველთვიური პენსია. ეს უსამართლობაა. ჩვენი სურვილია, ასეთ ადამიანებს შეუწყდეთ პენსიის დარიცხვა, ვიდრე არ დაბრუნდებიან საქართველოში. და როცა დაბრუნდებიან, მიუხედავად იმისა, რომ წლებია აქ არ ყოფილან, უნდა მიეცეთ საბაზისო პენსია. ეს დღეისთვის 160 ლარია, არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ჩვენი გათვლებით, საარსებო მინიმუმი 160 ლარზე გაცილებით მეტია, თუმცა, ჩვენს ხელისუფლებას სხვა გათვლები აქვს. ჩემი მოსაზრებაა, როცა ემიგრანტები დაბრუნდებიან, მხოლოდ მაშინ მიეცეთ საბაზისო პენსია. დღეს ისინი უცხოეთში მუშაობენ და მათი მთავრობა უხდის ხელფასს.

- ისინი არც დიფერენცირებულ საპენსიო სისტემაში მოიაზრებიან?

- ასეა. გასაგებია, რომ წვალობენ და ურთულეს პირობებში მუშაობენ, ამასთან, ქართულ ეკონომიკაში ბრუნავს მათი გადმოგზავნილი თანხები, მაგრამ ეს არ არის პირდაპირი შენატანი. მათ შეუძლიათ თავადვე გადაიხადონ მაგალითად, დაგროვებითი პენსიის ფონდში. როცა დაბრუნდებიან, ჰქონდეთ უზრუნველი სიბერე და დიფერენცირებული პენსია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეუძლებელია. ყველამ საკუთარი სიბერე უნდა უზრუნველყოს.

ნიკოლოზ გაგუა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე:

- დღეს ქვეყანაში სოციალური ფონი იმდენად მძიმეა, ვინც მუშაობს, ისიც ვერ ახერხებს დაარეგულიროს საკუთარი სოციალური პრობლემები... ასეთ დროს როგორ ვუთხრათ თუნდაც ურთულეს პირობებში მყოფ ემიგრანტებს, გადაიხადონ თავისი შემოსავლის პროცენტი, რათა უზრუნველყონ საკუთარი სიბერე?

- მომავლისთვის გვსურს არსებული საპენსიო ინდექსი ინფლაციის დონის მიხედვით გაიზარდოს, რათა პენსიონერებმა ცარიელი ქაღალდები არ მიიღონ. ეს სავარაუდოდ, 2017-2018 წლებში მოხდება. დავასრულეთ მუშაობა ფორმალურ დაგროვებით სექტორზე. ახლა ინტენსიურად ვმუშაობთ კანონმდებლობაზე და სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს ივლისის დასაწყისში დაიწყება სამთავრობო განხილვები. სიახლე იქნება "საპენსიო დაზღვევის სისტემა",

რომელსაც ხალხს შევთავაზებთ...

ვადასტურებ, რომ საპენსიო ასაკის ადამიანებს, რომელიც მეზობელ ქვეყნებში გადავიდნენ სამუშაოდ, ერიცხებათ ყოველთვიური პენსია. ამასთან დაკავშირებით ბევრი კრიტიკა დავიმსახურე, პროფკავშირებმაც გამოთქვეს უკმაყოფილება. ჯერჯერობით ასეა და ამაში მთავრობა პრობლემას ვერ ხედავს. სანამ ახალ კანონმდებლობაზე ვმუშაობთ, არა მგონია გადავხედოთ ამ პროცესს, მაგრამ არ ვიცი, რა იქნება მომავალში.

დღეს საბაზისო პენსია 160 ლარია. განვითარებულ ქვეყნებში ყველგან ასეა - სახელწიფო პენსია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დადგენილ მონაცემზე დაბალი არ უნდა იყოს. ღირსეული პენსია კი უნდა უზრუნველვყოთ დამატებითი ინსტრუმენტით. ამ მიმართულებით შემოგვაქვს "განსაზღვრული შენატანების სისტემა". ამ სისტემის მიხედვით, არ ჩაითვლება წლები, ჩაითვლება მხოლოდ შენატანები. ამასთან, გვექნება "საპენსიო დაზღვევის სისტემა", რომელში ჩართვაც ნებაყოფლობითი იქნება. ემიგრანტები ამ სისტემაში არ მოიაზრებიან, უბრალოდ, ყველას მიეცემა საბაზისო პენსია, მაგრამ არა დიფერენცირებული, რომელიც შენატანებით განისაზღვრება.

- ხომ არიან ისეთი ემიგრანტებიც, რომლებიც ლეგალურად მუშაობენ და იხდიან იმ ქვეყნებში ადგილობრივ შენატანს?

- კარგი კითხვაა, ჩვენ ვფიქრობთ ამ საკითხზე, თუ როგორ შეიძლება იქ ნამუშევარი წლები მათი დაბრუნების შემდეგ, აქ გადმოვიტანოთ... რაც შეეხება ამ ადამიანებისთვის დიფერენცირებულ პენსიას, ამაზე ჯერ არ შევჯერებულვართ.

ნინო ცხვარაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

წყარო: "კვირის პალიტრა"