გარემოს ეროვნული სააგენტო ზედაპირული წყლების მონიტორინგს ახორციელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით ზედაპირული წყლების მონიტორინგს ახორციელებს, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი, სააგენტოს უფროსთან ერთად კუს ტბაზე სინჯების აღების პროცესს პირადად დაესწრო.

სამინისტროს ცნობით, ამჯერად, სააგენტოს სპეციალისტებმა გეგმური მონიტორინგის ფარგლებში ადგილზე წყლის ხუთი მახასიათებელი განსაზღვრეს (ტემპერატურა, ph, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა). ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩატარების მიზნით აღებული სინჯები კი ტრანსპორტირებულ იქნა სააგენტოს ლაბორატორიაში.

მათივე ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, წყლების ქიმიური დამაბინძურებლების ანალიზი თანამედროვე აპარატურითა და აღჭურვილობით რეგულარულად ტარდება. საბანაო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობას ზედაპირული წყლების შესახებ ზუსტ ინფორმაციას მუდმივად მიაწვდიან.