ნობელის პრემიის ლაურეატები - გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მეშვეობით პროდუქციის ხარისხი გაუმჯობესდა

ნობელის პრემიის 107-მა ლაურეატმა ხელი მოაწერა საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace-ის სახელზე გაგზავნილ პეტიციას, სადაც ნათქვამია, რომ შეწყდეს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების წინააღმდეგ მიმართული კამპანია.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, პეტიციის ხელმომწერები აცხადებენ, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მეშვეობით მსოფლიოში მოსავლიანობა გაიზარდა და გაუმჯობესდა პროდუქციის ხარისხი.

„მოვუწოდებთ Greenpeace-სა და მის მხარდამჭერებს, გადახედონ თავიანთ მოსაზრებას ფერმერებისა და მომხმარებლლის მიერ იმ ბიოტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის მეშვეობითაც მსოფლიოში გაიზარდა მოსავლიანობა და გაუმჯობესდა პროდუქციის ხარისხი. მოვითხოვთ, რომ მათ აღიარონ ავტორტეტული სამეცნიერო ორგანიზაციების დასკვნებიდ ა შეწყვიტონ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და კერძოდ, „ოქროს ბრინჯის“ წინააღმდეგ აგორებული კამპანია“, - ნათქვამია პეტიციაში.

ხელმომწერები მსოფლიოს ყველა ქვეყნის ხელისუფლებას თხოვნით მიმართავენ, ფერმერებს ინოვაციური ბიოტექნოლოგიის, მათ შორის გენმოდიფიცირებული თესლების გამოყენების საშუალება მისცენ.

ნობელის პრემიის ლაურეატები ასევე აცხადებენ, რომ ბიოტექნოლოგიის შესწავლა და დანერგვა დედამიწის ღარიბ მოსახლეობას გადაარჩენს.

„დაუშვებელია გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ემოციებზე, თუ მეცნიერული ფაქტები ინოვაციების დანერგვის მნიშვნელობას ადასტურებს“, - ნათქვამია პეტიციაში.