ლონდონში უმუშევრებისთვის სასტუმრო გაიხსნება

მიმდინარე წლის სექტემბრიდან ლონდონში ე.წ. მცურავი სასტუმრო The Good Hotel გაიხსნება, რომელიც საგანგებოდ უმუშევრებისთვის იქნება განკუთვნილი.

„გარდიანის“ ინფორმაციით, 144-ნომრიან სასტუმროში უმუშევრებისთვის ტრენინგები ჩატარდება, რომელიც მათ გრძელვადიანი სამსახურის პოვნის საშუალებას მისცემს.

სოციალური ინიციატივის ფარგლებში მცურავი სასტუმრო პირველად 2015 წელს ამსტერდამში გაიხსნა. სასტუმროს მიზანი ადგილობრივებისთვის, რომლებიც სამსახურს ვერ შოულობდნენ, ახალი შესაძლებლობების მიცემა იყო. სასტუმროში უმუშევრები 10 თვეს ატარებენ. ამ ხნის განმავლობაში მათ ტრენინგები უტარდებათ, რის შემდეგაც დაუსაქმებელთა დიდი ნაწილი ამავე სასტუმროში, ნაწილი კი სხვადასხვა სასტუმროში საქმდება.

სწორედ ამ მოდელით დაიწყებს ფუნქციონირებას ლონდონის მცურავი სასტუმროც, რომლის ტრანსპორტირებაც ამსტრედამიდან ლონდონში ჩრდილოეთ ზღვით მოხდება.

სასტუმროს გახსნის იდეა The Good Hospitality Group-ს ეკუთვნის, რომელიც 2012 წელს ჰოლანდიელმა მეწარმე მარტენ დრესენმა დააარსა. 2020 წლისთვის ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით 8 ახალი სასტუმროს გახსნას გეგმავს.