როგორ "დავატყვევოთ" ტურისტი

თბილისსა და საქართველოს იმ კუთხეებში, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად განვითარებულია, წინა წლებთან შედარებით თვალში საცემია ტურისტების სიმრავლე. უმრავლესობა რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის მოქალაქეა. საქართველო საინტერესო გახდა თურქეთსა და ეგვიპტეში მდგომარეობის გართულების შემდეგ - ტერაქტების საფრთხე მომხიბლაობას უკარგავს ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში, საუკეთესო სერვისის პირობებში ჩალის ფასად დასვენებასაც კი, ამიტომ ტურისტულ სეზონს საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

რა შესაძლებლობები გვაქვს იმისათვის, რომ ტურისტების გაზრდილი ნაკადი შევინარჩუნოთ და კვლავ გავზარდოთ? ამ და სხვა კითხვებზე ინოვაციური კვლევითი ცენტრის ექსპერტ-ანალიტიკოსი გიორგი პატარიძე გვესაუბრა.

- საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა აგროტურიზმი, რომელიც საინტერესო ფორმით განვითარებულია კახეთში. მრავლად არის სასტუმროები, სადაც ტურისტს თავად შეუძლია მოკრიფოს ყურძენი, დაწუროს, დააყენოს ღვინო, მოადუღოს თათარა, ამოავლოს ჩურჩხელა და ა.შ. ტურისტს ხიბლავს ეს ეფექტური შეთავაზებები - ერთობა, აგემოვნებს და იმახსოვრებს. არ შეიძლება ტურიზმი ეფუძნებოდეს მხოლოდ ნახვას, დათვალიერებას. მოვიდა, ნახა და გაიარა ნიშნავს, რომ მომავალში აღარ მოვა, რადგან ჩათვალა, რომ რისი მიღებაც შეეძლო, უკვე მიიღო.

ამ მიმართულებით ყველა რეგიონში შეიძლება ტურიზმის საინტერესოდ განვითარება, თუნდაც აჭარაში, სადაც, შვეიცარიის მსგავსად, ტურისტს შეეძლება რამდენიმე დღე იცხოვროს აჭარელი გლეხის ოჯახში, მაღალმთიან სოფლებში. დააკვირდეს მათ ყოფას - როგორ თოხნიან, მწყემსავენ, ამზადებენ და თვითონაც მიიღოს მონაწილეობა ამ საქმიანობაში, დააცხოს აჭარული ხაჭაპური და ა.შ. "არ შეიძლება..."

- გასული წლის დეკემბერში მესტიაში კონფერენციისთვის 80 სტუმარი გვყავდა მოწვეული. შეუძლებელი აღმოჩნდა ყველა სტუმრის ერთ სასტუმროში მოთავსება, არ იყო იმხელა საკონფერენციო დარბაზი, სადაც ამდენ ხალხს ერთდროულად უმასპინძლებდნენ. როგორღაც მესტიის მუზეუმში, დიდ დარბაზში შეგვიქმნეს შესაბამისი პირობები. არ შეიძლება ასეთი მდგომარეობა იყოს სამთო ტურიზმში, რომელიც საქართველოში უფრო პოპულარულია, ვიდრე საზღვაო კურორტებზე დასვენება.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 4 ივლისის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეკა ლომიძე