ფინანსთა სამინისტროში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ყალიბდება

ფინანსთა სამინისტროში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ყალიბდება.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს ფორმირების პროცესი იწყება.

„როგორც ცნობილია, 2016 წლის 25 ივნისს, ძალაში შევიდა ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი. https://matsne.gov.ge/ka/document/view/3311504. აღნიშნული კანონის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ყალიბდება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელთანაც თავის მხრივ, იქმნება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭო“, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, საბჭოს შემადგენლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს თითო წევრი შემდეგი სექტორებიდან: პროფესიული ორგანიზაციებიდან; ბიზნესასოციაციებიდან; აკადემიური წრეებიდან.

სამინისტროში აცხადებენ, რომ თითოეული ამ სექტორიდან შეიძლება წარდგენილ იქნას საბჭოს წევრობის 3-3 კანდიდატი.

„საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის საბჭოს წევრობის კანდიდატურების წარდგენა წარმოებს არაუგვიანეს 2016 წლის 15 ივლისისა. დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია: წარმდგენი ორგანიზაცი(ები)ის სარეკომენდაციო წერილი; წევრობის კანდიდატის ავტობიოგრაფია (CV); სამოტივაციო წერილი, საიდანაც გაირკვევა, თუ რატომ მიიჩნევს ესა თუ ის პირი, საკუთარ თავს საბჭოს წევრობისთვის ღირსეულ კანდიდატად, როგორ აპირებს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ზოგადად, სამსახურის საქმიანობის და საზედამხედველო სფეროების ხელშეწყობას; ასევე ცნობა ნასამართლობის შესახებ“, - აცხადებენ სამინისტროში.