სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით, ბიზნესდავების გადაწყვეტის საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით, თემაზე: „ბიზნესდავების გადაწყვეტა, არსებული რეალობა და პერსპექტივები“ შეხვედრა მიმდინარეობს.

ღონისძიებას, რომელიც „რედისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარეობს, ბიზნესსექტორის 80-მდე წარმომადგენელი ესწრება. კონფერენცია სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ეკონომიკური საბჭოს მდივანმა გიორგი გახარიამ. დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ საქართველოში ბიზნესდავების გადაწყვეტის პრობლემატიკას და ასევე საუბრობენ არბიტრაჟის შესახებ.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა მდივანმა ბექა ინჯიამ შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განმარტა, თუ რატომ მოიაზრება არბიტრაჟი სასამართლოს ალტერნატივად. ასევე ღონისძიებაზე საუბარი შეეხო არბიტრაჟის უპირატესობებს ბიზნესდავის გადაწყვეტის პროცესში.

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი სავაჭრო-სამრეწველო პალატამ 2013 წელს დააფუძნა. იდეა საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე გაჩნდა. ორგანიზაციის შექმნამდე ამ საკითხზე აქტიურად იმუშავეს პალატისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ასევე, საარბიტრაჟო ცენტრის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი როლი სამუშაო ჯგუფმა ითამაშა, რომელიც როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. საქმიანობის განხორციელების პროცესში საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი სავაჭრო-სამრეწველო პალატისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია. ცენტრის წესების შემუშავება წამყვანი საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი კომისიის მიერ მოხდა.