გორის მერიის ხელშეწყობით სტაროგრადის საერთაშორისო ბიზნესკვირეულს 4 გორელი ახალგაზრდა ესწრება

გორის მერიის ხელშეწყობით, სტაროგრადის საერთაშორისო ბიზნესკვირეულს 4 გორელი ახალგაზრდა ესწრება.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, კვირეული პოლონეთის ქალაქ სტაროგრადის მახლობლად, ბოლესლავოვოში გუშინ საზეიმოდ გაიხსნა.

”ბოლესლავოვოს ბიზნესკვირეული უნიკალური ღონისძიებაა, რომელსაც სტაროგრადის თვითმმართველობა 2011 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებს ასწავლოს მეწარმეობა და კრეატიულობა ამერიკული კორპორაციების თანამშრომლების გამოცდილების გამოყენებით.

გორიდან ბიზნესკვირეულს ლუკა ზედაშიძე, სალომე ლაფაჩი, ანი აკოფაშვილი და მორის გიგაური ესწრებიან.

მათი მონაწილეობის საკითხი ბიზნესფორუმზე ქალაქის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის პოლონეთში ვიზიტის დროს გადაწყდა. მონაწილეთა სამართლიანად და გამჭვირვალედ შესარჩევად კი მერიამ კონკურსი გამოაცხადა, სადაც მონაწილე 12 აპლიკანტიდან ფორუმის ფორმატიდან გამომდინარე 4 კანდიდატი შეირჩა”, - აცხადებენ გორის მერიაში.