აისახება თუ არა საქართველოზე დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა

საინვესტიციო ბანკის Galt&Taggart-ის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით არსებული გაურკვევლობის შედეგად, მოსალოდნელია ცვალებადობა უცხოური ვალუტის და სასაქონლო (ნავთობი, ოქრო, ა.შ.) ბაზრებზე.

აგრეთვე მოსალოდნელია დოლარის გამყარება.

რაც შეეხება „ბრექსიტის“ საქართველოზე გავლენას, როგორც საინვესტიციო ჯგუფში აცხადებენ, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფის პირდაპირი გავლენა საქართველოზე მცირეა.

„თუმცა, არაპირდაპირი გავლენა შეიძლება იქონიოს შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა, როგორიც იქნებოდა სხვა წევრი ქვეყნების ინიციატივები ევროკავშირიდან გამოყოფაზე ან შოტლანდიის მიერ მორიგი რეფერენდუმის გამართვა”, - ნათქვამია Galt&Taggart-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოში დიდი ბრიტანეთიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიანი მოცულობის 14.7 %-ია მაშინ, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში ევროკავშირიდან (დიდი ბრიტანეთის გარეშე) 31.4%-ს შეადგენს. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, იმპორტსა და ექსპორტს დიდი ბრიტანეთიდან, ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, ასე გამოიყურება: 1,5%; 1,2% და 1.0%. ტურიზმის შემთხვევაში კი დიდ ბრიტანეთზე მთლიანი მოცულობის 0,3% მოდის.