"პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადები ისტორიულ მაქსიმუმებზეა"

საზოგადოება "2030"-ის წევრი მიხეილ დუნდუა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ინვესტიციებთან, საგარეო ვალთან და ლარის კურსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადები ისტორიულ მაქსიმუმებზეა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სააქციო კაპიტალდაბანდებები და რეინვესტიციებიც ისტორიულ მაქსიმუმზე ფიქსირდება. ასეთი მაღალი მაჩვენებლები არასოდეს დაფიქსირებულა.

ბოლო 3 წელიწადსა და სამ თვეში, ანუ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში 455 მილიონი დოლარით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სააქციო კაპიტალი შეიქმნა ვიდრე 2004-2008 წლების ხუთწლედში და 463 მილიონი დოლარით მეტი ვიდრე 2008-2012 წლების ხუთწლედში. ასევე შესაბამისად, 649 და 186 მილიონით არის გაზრდილი რეინვესტირების მაჩვენებელი ზემოთაღნიშნულ ხუთწლიან პერიოდებთან შედარებით.

განსაკუთრებით, სარეკორდოდ მაღალია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადები, რომელმაც 1 მილიარდ 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

მაგრამ

2016 წლის I კვარტალში 2015 წელთან შედარებით მკვეთრად, 430 მლნ დოლარით შეგვიმცირდა საგარეო ვალი. ასევე მკვეთრად, 414 მლნ დოლარით შემცირდა 2016 წ. I კვარტალში 2012 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტორების მიმართ სავალო ვალდებულებები.

მკვეთრად მაღალია 2016-2017 წლებში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის დასაფარი თანხის მოცულობა, რომელმაც უკვე დაარტყა ლარის კურსს. 2016 წელს საქართველოს დასაფარი აქვს 4780.3 მლრდ დოლარი, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 34%-ს (!!!) უტოლდება, ანუ ეკონომიკის მესამედს აჭარბებს. აქედან კომერციულ ბანკებს ვალის სახით მშპ-ს 11%-ის (!) დაფარვა უწევს მიმდინარე, 2016 წელს (წყარო. ეროვნული ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი). ამ ვალის მნიშვნელოვანი ნაწილი წლის პირველ ნახევარში დაიფარა.

2017 წელს მთლიანი საგარეო ვალის წნეხი ნახევრდება, და დასაფარი ვალის მოცულობა მშპ-ს 16.6%-მდე მცირდება. თუმცა 16.6%-იც მაღალი მაჩვენებელია. ვითარება საგრძნობლად მსუბუქდება 2018-2019 წლებში, როცა მთლიანი საგარეო ვალის გადახდის გრაფიკი მშპ-ს-7-5% ხდება.

ვალებზე დაფუძნებული ეკონომიკა - ეს, ის სახადია, დაავადებაა, რომელსაც 2016-2017 წლებში საბოლოოდ ვამარცხებთ. რომ არა საგარეო ვალის დაფარავის აქტიური ფაზა, რომელიც გრაფიკის მიხედვით 2013-2016 წლებში ეკონომიკიდან ფინანსების რეკორდულ ამოტუმბვას განაპირობებს, ვფიქრობ, ამ პერიოდში ეკონომიკის 2 ნიშნა(%) ზრდაც კი შესაძლებელი გახდებოდა.

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ

მთავრობამ უნდა გააგრძელოს არჩეული კურსით სვლა, ხელი შეუწყოს პირდაპირი უცხოური სააქციო კაპიტალდაბანდებების და რეინვესტირებების ზრდის პროცესს, რომელიც მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის საფუძველზე კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

რა უნდა გააკეთოს ეროვნულმა ბანკმა

ეროვნულმა ბანკმა, ერთი მხრივ, ბოლომდე უნდა მიიყვანოს ლარიზაციის პოლიტიკა, მეორე მხრივ კი, გადახედოს რეფინანსირების პოლიტიკას -- განიხილოს კომერციული ბანკებისათვის უცხოურ ვალუტაში საშუალოვადიანი და გრძელვადიანი რეფინანსირების, ანუ უცხოურ ვალუტაში სესხის მიწოდების შესაძლებლობა. ყოველივე ეს, კომერციულ ბანკებს 2016-2017 წლებში შეუქმნის ხელსაყრელ პირობებს, მოემსახურონ საგარეო ვალდებულებებს და შეამცირონ ზეწოლა ლარზე.

რა ელის ლარს

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადების სარეკორდო მაჩვენებლები; საერთაშორისო ტურისტული შემოსავლების ისტორიული მაქსიმუმი; ადგილობრივი წარმოების საქონლის და მომსახურების ექსპორტის (რეექსპორტის გარეშე) ზრდის პოზიტიური ტრენდი ლარს აუცილებლად გაამყარებს. მთავრობის და ეროვნული ბანკის ეფექტური ნაბიჯები ლარის გამყარების პროცესს დააჩქარებს", - აცხადებს დუნდუა.