ივნისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,9 პროცენტი შეადგინა

ივნისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით - 0,9 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 1,1 პროცენტი შეადგინა.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურში აცხადებენ, 2010 წლის საშუალოსთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 15,5 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2,6 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,79 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნული კლება ძირითადად განაპირობა ფასების შემცირებამ შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-18,3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-11,3 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხი (-2,8 პროცენტი);

ფასების 1,7-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც 0,19 პროცენტული პუნქტით აისახა თვიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,2 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 11,6 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,71 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმის (20,3 პროცენტი), ასევე ალკოჰოლური სასმელების (4,3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6,1-პროცენტიანი მატება, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,51 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (9,1 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 4,3 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,41 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9,4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (2,3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ფასების 9,5-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც -1,16 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები ძირითადად შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-18,0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-14,2 პროცენტი).